ფეხბურთი

18:55 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაშოუ სერია A-ში: ხვიჩას დუბლით "ნაპოლიმ" ადვილად მოიგო

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტური კვარა-შოუთი გაიხსნა. „ნაპოლიმ“ „სტადიო ბენტეგოდიზე“ „ვერონას“ 3:1 აჯობა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ბრწყინვალედ ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ანგარიში რუდი გარსიას გუნდმა 27-ე წუთზე მატეო პოლიტანოს გოლით გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე კვარამ სხვაობა გააორმაგა. მან მცველი მოატყუა და მარცხენა ფეხით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. ხვიჩამ გოლი მშვილდოსნის სტილში აღნიშნა, რამაც „ვერონას“ ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია და ფეხბურთელებმა იჩხუბეს კიდეც.

55-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა მეორეც გაიტანა. ამჯერადაც ტექნიკურად ითამაშა, მცველს გვერდი აუარა და მეკარეს იოლად აჯობა. ეს ხვიჩას იტალიურ კარიერაში მეორე დუბლია. პირველად გასული სეზონის მეორე ტურში „მონცა“ დაამწუხრა ორჯერ. გავიხსენოთ, რომ ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით პირველი ოფიციალური გოლი სწორედ „ვერონას“ გაუტანა.

მე-60 წუთზე ვერონელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ „აძურიმ“ ვიქტორ ოსიმენის გარეშე და კვარაცხელიას ლიდერობით ადვილად გაიმარჯვა. გარსიამ ქართველი შემტევი 76-ე წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას სერია A-ში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში (ყველა ტურნირზე 10 მატჩში).

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „მილანს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.

0.117557