„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენცია „ვერონასთან“ თამაშის წინ გამართა. ფრანგი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ ასევე ისაუბრა მის მიმართ ბოლო დროს გახშირებულ კრიტიკაზე და მედია პატივისცემის ნაკლებობაში დაადანაშაულა.
„თავიდანვე ვიტყვი, რომ მხოლოდ „ვერონასთან“ მატჩზე დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებ. მშვიდად და წყნარად ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ პატივისცემის ნაკლებობა იყო, მაგრამ ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დამიჭირა და გულშემატკივრებს, რომლებიც მამხნევებდნენ. „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ ყველაფერი გადაჭარბებულად მომეჩვენა. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არ გაგვიკეთებია, მაგრამ არც ყველაფერი ცუდად. მე ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა შეცდომებზე, არასდროს დამიმალავს ეს და არც დღეს გავაკეთებ ამას.
ოსიმენის გარდა, ანგისაც ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მე ტრავმირებულ ფეხბურთელებზე წუწუნი არ მჩვევია. ძალიან მჯერა მათი, ვისაც თამაში შეუძლია. ოსიმენი არ იქნება, მაგრამ სხვა ფორვარდები გვყავს, ძალიან მშვიდად ვარ, რადგან რასპდორი და სიმეონე მყავს.
„ვერონასთან“ რთული მატჩი იქნება, ყოველთვის რთულია იქ გამარჯვება, მაგრამ მოგების სურვილით და სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიჩინოთ. ადვილი თამაში არ იქნება, მათ გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ მზად ვართ. ნაკრებში ოსიმენმა ტრავმა მიიღო, ზოგიერთი დაღლილი დაბრუნდა. რაჰმანი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა, ვიმედოვნებ, რომ ჟუან ჟეზუშიც მალე დაბრუნდება.
ჟურნალისტებმა ბევრი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეთ, მაგრამ მთავარია ჩემი ურთიერთობა კლუბთან, რომელმაც მხარი დამიჭირა, პრეზიდენტმა, მენეჯერებმა და ფეხბურთელებმა. ასევე ფანებმა, რომლებიც ქუჩაში მაჩერებდნენ და მხარდაჭერას მიცხადებდნენ. ახლა უკვე ვიცი, ვინ არის ჩემი მეგობარი და ვინ - მტერი“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.