საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისური კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ორ საკითხზე ისაუბრა - საქართველოს ნაკრებსა და გუნდზე:
„ორი მართლაც კარგი მატჩი ვითამაშეთ: ტაილანდს 8:0 და კვიპროსს 4:0 ვაჯობეთ. სასიამოვნო იყო, რომ გუნდს დავეხმარე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წვლილი შევიტანე. ჩვენთვის მთავარი მარტში პლეი-ოფია. ნახევარფინალში ვართ და თუ მოვიგებთ, ფინალში გავალთ, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვექნება. მთავარია, რომ ამ მატჩებისთვის, როცა მათი ჩატარების დრო მოვა, მზად ვიყოთ.
საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან სასიამოვნოა და ყოველთვის კარგია იქ ყოფნა, ყოველთვის მიხარია, როცა ნაკრებში ვარ, ნამდვილად მსიამოვნებს. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყოველთვის მსიამოვნებს მასთან თამაში. ვფიქრობ, რომ ერთი-ერთზე თამაშში ის საუკეთესოა და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ყოველთვის ყველა უყურებს ქართველი ფეხბურთელების თამაშებს, მე „უოტფორდში“ თუ კვარაცხელიას „ნაპოლიში“.
ძალიან ბედნიერი ვარ ინგლისში ყოფნით, აქ თამაში ნამდვილად იყო ჩემი ოცნება და ყველაფერი მომწონს, კლუბში ყველა ძალიან კარგი ადამიანია. რა თქმა უნდა, ბავშვობაში ვუყურებდი ინგლისურ ფეხბურთს, პრემიერლიგას და კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჩემი კუმირი იყო, როცა ინგლისში თამაშობდა.
მჯერა ამ გუნდის და ვფიქრობ, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს. თუ შაბათს მოვიგებთ, მაშინ ყველაფერი უკეთესად წავა. ყველა კარგი ფეხბურთელია და ძალიან მსიამოვნებს მათთან თამაში. ასე რომ, „შეფილდ უენსდისთან“ უნდა მოვიგოთ.
გვჭირდება თამაშების მოგება და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ, რადგან ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. აქ საოცარი გულშემატკივრები არიან, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა, ისინი მხარს ძალიან გვიჭერენ და მათი მადლობელი ვართ“, - თქვა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ 9 შეხვედრაში 1 საგოლე პასი მიითვალა, 21 ოქტომბერს კი მათი მეტოქე „შეფილდ უენსდი“ იქნება.