„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი კრისტიანო ჯუნტოლის დამსახურება არ არის, რომელიც სამუშაოდ ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდა.
მან ასევე ისაუბრა ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტისა და მწვრთნელის შესახებ:
„ფიორენტინასთან“ მარცხის შემდეგ ყველაფერი წავიკითხე. ცხოვრებაში არის მომენტი, როცა შენი ქმედებები უნდა შეაფასო, თუ რაიმე შეცდომაა, მასზე პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის ტრავმული პროცესია. კონტე? მე მას წლების წინ მალდივებზე შევხვდი, სადაც ოჯახთან ერთად იყო. მას შემდეგ ურთიერთობა შევინარჩუნეთ. დღემდე მაქვს კონტაქტი ანჩელოტისთან, მაძარისთან, რეიასთან, ბენიტესთან... დანარჩენი ჭორებია, რომელიც ანგრევს იმ მწვრთნელს, რომელიც დღეს „ნაპოლიში“ მუშაობს, რაც მაღიზიანებს.
ჯუნტოლი 6 თვის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ „იუვენტუსში“ გამეშვა. მე ვუთხარი: „რა ხდება, ასე უცებ გახდი „იუვენტუსის“ გულშემატკივარი? აქ „იუვენტუსს“ ყოველთვის ნომერ პირველ მტრად მივიჩნევდით. კვარას ტრანსფერი მისი დამსახურებაა? არ არის მისი, კვარა პირველად ჩემმა შვილმა, ედოარდომ ნახა, შემდეგ მოახსენა ჯუნტოლის. კრისტიანომ აქ ბევრი კარგი ტრანსფერი გააკეთა, მაგრამ ასევე ბევრი ცუდიც, ცხოვრება ასეთია. ის შესანიშნავი პროფესიონალია, რომელიც ჩემდა გასაკვირად „იუვენტუსში“ წავიდა.
ოსიმენი? მის მიმართ უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კონტრაქტის საქმეს ყოველთვის ორმხრივი შეთანხმება სჭირდება. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მაგრამ მას შემდეგ თუ მისი განწყობა შეიცვალა, ვერაფერს გავაკეთებ და თუ შეთანხმების მერე რაღაცები იცვლება, იმედგაცრუებაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, კონტრაქტი 2025 წელს იწურება, არ დაგავიწყდეთ, რომ კულიბალი ბოლო მომენტში გავყიდე“, - თქვა დე ლაურენტისმა.