„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ევროლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ბერლინის „ალბას“ წინააღმდეგ თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 აღმოჩნდა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი ტურში სხვა კალათბურთელს არ ჰქონია. შესაბამისად, ქართველს MVP-ის ტიტული ერგო.
შენგელიამ „ალბასთან“ 27 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 აღმოჩნდა.
„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით და 1 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.