ფეხბურთი

20:20 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო: "მილანში" ჩემზე უარი თქვეს, რადგან მაღალი არ ვიყავი"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ 2002 წლის ზაფხულში „პარმადან“ „მილანში“ გადადიოდა, მაგრამ ტრანსფერი მისი სიმაღლის გამო ჩაიშალა - „როსონერის“ მაშინდელ დირექტორ არიედო ბრაიდას მაღალი მცველის შეძენა ერჩივნა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა Calciomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა:

- თქვენ იყავით ისტორიაში საუკეთესო „პარმას“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე. რამდენად ნანობთ, რომ სკუდეტო ვერ მოიგეთ?

- ძალიან. მალეზანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც მყავდა. მან გადმოგვცა კონცეფციები, რომლებიც დღეს თანამედროვედ ითვლება. მაღალი პრესინგი, ბურთის ფლობა და ყოველთვის სათამაშო იდეით მოქმედება. ყოველთვის წინ უნდა გადაგვედგა ნაბიჯი და არა უკან. ეს მაშინ ისეთი ახალი ინსტრუქციები იყო, რომ სამი თვე დაგვჭირდება მათ გასაგებად.

- 2001 წლის ზაფხულში საუბარი იყო „რომაში“ თქვენს ტრანსფერზე...

- დიახ, ახლოს ვიყავი „რომაში“ გადასვლასთან. ფრანკო სენსი ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა მოუწევდა ამიტომ უარი თქვა ჩემზე და ბუფონზე, რომელიც ასევე ახლოს იყო იმავე წელს „რომაში“ გადასვლასთან.

- „პარმა“, „ინტერი“, „იუვე“ და „რეალი“: რომელი იყო ყველაზე რთული ტრანსფერი?

- ყველაზე რთული „ინტერში“ გადასვლა იყო (2002 წელს - რედ), რადგან იმ დღეებში „მილანში“ გადასვლას ვაპირებდი. საკიმ მითხრა, რომ „როსონერის“ მენეჯერებთან უნდა მესაუბრა, რადგან იყო რაღაც კონტაქტები, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ არიედო ბრაიდამ ბოდიში მომიხადა, მითხრა, რომ „მილანში“ სიმაღლის გამო არ ამიყვანა, რადგან მან მაღალი მცველები მოსწონდა.

- თქვენ იყავით მთავარი გმირი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის, რაზეც დიდხანს საუბრობდნენ. თქვენ „იუვეში“ და ფაბიან კარინი „ინტერში“...

- მინდა აღვნიშნო, რომ „ინტერში“ ძალიან კარგად ვიყავი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ წავიდოდ. თუმცა, 29 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ მქონდა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი, მაღალი ხელფასი მქონდა. გარდა ამისა, ტრავმისგან ახალი დაბრუნებული ვიყავი, რის გამოც წინა სეზონში მხოლოდ 26 მატჩი ჩავატარე და დაბალ დონეზე ვითამაშე. ზაფხულში, 3 თვის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი ფორმაში დასაბრუნებლად, მაგრამ ერთ დღეს ორიალიმ მითხრა, რომ „იუვეში“ გამყიდეს კარინის სანაცვლოდ. მე ვერ ვიჯერებდი: „კარინისთან ბარტერი“? ვკითხე, მან ამიხსნა, რომ იცოდა, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ კლუბს ხელფასის დაზოგვა სჭირდებოდა.

- თქვენ იყავით იმ „იუვეს“ ნაწილი, რომელმაც 2006 წელს სკუდეტო მოიგო, მაგრამ შემდეგ წაართვეს...

- იმ წელს ყველაფერი მოვიგე, მე იმ სკუდეტოს მოგებულად მივიჩნევ, რადგან მოედანზე მოვიგეთ.

- მუნდიალის შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადახვედით, სადაც უამრავი ვარსკვლავი იყო, რობერტო კარლოს, ბექჰემი, რაული, ვან ნისტელროი...

- განსხვავებული ფეხბურთი იყო, უფრო ინდივიდუალური. თავიდან გამიჭირდა, რადგან მინდორი უფრო სველი იყო და ფეხბურთელები უფრო ტექნიკურები. მადრიდში გავიგე, როგორ უნდა მართო 35 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა. მეორე სეზონში, როცა მწვრთნელი შუსტერი იყო, მინდოდა ყველა მატჩი მეთამაშა, მაგრამ ის თვეში ერთხელ მაინც მასვენებდა. თავიდან ვბრაზობდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი ამას რატომ აკეთებდა.

- კასანოც იმ გუნდში იყო...

- ანტონიო თანაგუნდელებს ძალიან მოსწონდათ და ისიც დიდ პატივს სცემდა უფროს ფეხბურთელებს, ის ყოველთვის უსმენდა მათ. თუმცა, დიდი შესაძლებლობა გაანიავა. ის უბრალოდ ასეთი იყო და ვერაფერს ვიზამდით. მისი თვისებები რომ მქონოდა, ალბათ 3-4 ოქროს ბურთს მოვიგებდი.

- „ნაპოლის“ ახალგაზრდულ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ გქონდათ...

- დიახ, ასეა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იცით ვინ იყო ჩემი შემცვლელი? ალესანდრო მოჯი, ლუჩანო მოჯის შვილი.

- რას წარმოადგენს მარადონა ნეაპოლელებისთვის?

- ყველაფერს, ყოველთვის. ჩვენთვის ის იყო და არის ღმერთი. პირველად რომ ვნახე, 12 წლის ვიყავი, „სან პაოლოს“ გასახდელში ვიყავით. შემდეგ გამიმართლა და ჩემი თანაგუნდელიც იყო, რადგან პირველ გუნდში ვარჯიში მიწევდა. სამწუხაროა, რომ ასე წავიდა, რადგან შეეძლო დიდხანს ეცხოვრა.

- ოქროს ბურთის მოგება შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- შესანიშნავი სეზონი მქონდა და კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ მოვიგებდი. ჩემი კონკურენტი ბუფონი იყო, რომელიც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ელოდა, რომ გაიმარჯვებდა. სანამ კონკურენტებში ზიდანიც იყო, მეგონა, რომ ის მოიგებდა. ყველას ახსოვს ოქროს ბურთი, მაგრამ მე უფრო ფიფას ვერსიით საუკეთესოობა (Fifa World player) გამიხარდა, რადგან ეს ჯილდო მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმებით გაიცემა.

- სად ინახავთ ოქროს ბურთს?

- სახლში მაქვს, კარგად ვიცავ. როცა ჩემი მეგობრები მოდიან, პირველი ოქროს ბურთის ნახვა უნდათ. ერთი ისტორიაა, რომელიც ოქროს ბურთზე მაქვს...

- მოგვიყევით...

- ოქროს ბურთის მოგებამდე ერთი წლით ადრე ნედვედის სახლში ვიყავი და მისი ოქროს ბურთი ბუხრის თავზე იდო. ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ შევხებოდი, მაგრამ მე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, რადგან ეს თასივითაა, თასს არ ეხებიან, მაღლა სწევენ...

- ვინ არის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო მცველი?

- ვან დეიკმა ცოტა კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ როდესაც ფორმაშია, ისევ საუკეთესოა.

- ახალგაზრდა მცველი სერია A-დან, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ?

- „ატალანტას“ მცველი სკალვინი. მიუხედავად სიმაღლისა, მას არ ეშინია ერთი-ერთზე თამაშის.

- რამდენად უყურებთ ფეხბურთს?

- ძალიან ხშირად. ვაანალიზებ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს, არ მეგონა ეს საქმე ასე თუ მომეწონებოდა.

- იყო თუ არა, ბოლო წლებში სერია A-ში მუშაობის შესაძლებლობა?

- დიახ, „ფიორენტინა“ მთავაზობდა მწვრთნელად მუშაობას, როცა პრანდელი წავიდა (2021 წელს - რედ). იმ პერიოდში „გუანჯოუში“ ვიყავი და კონტრაქტში 50-მილიონიანი პუნქტი მქონდა, ამიტომ, გამოსავალი ვერ ვიპოვე.

- როგორი იყო „ბენევენტოში“ მუშაობის გამოცდილება?

- სერია B რთული ჩემპიონატია, თუნდაც, ნაკლებად ტექნიკური და უფრო ფიზიკური იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ თავდამსხმელი რომ გვყოლოდა, არ გავვარდებოდით. გუნდში რომ მივედი, ადგილის შენარჩუნება მომთხოვეს და სხვა თავდამსხმელი რომ გვყოლოდა, მიზანს მივაღწევდით. არ ვისურვებდი, რომ „ბენევენტოს“ პერიოდი ჩემი კარიერის ლოდი იყოს, რადგან ვიცი ბევრი მწვრთნელი, რომლებმაც გარკვეულ გუნდებში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მწვრთნელობას აგრძელებენ. მაგალითად, ჩინეთში ბენიტესზე, პელეგრინიზე და შმიდტზე უკეთესი შედეგები მქონდა.

- როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, რომლის მწვრთნელობა გსურთ?

- მომწონს ისინი, ვინც თავიდან ბოლომდე ინტენსიურად მუშაობენ. ფეხბურთელის კარიერა საშუალოდ 15 წელი გრძელდება, ვინც ამ გზას იწყებს, უნდა იცოდეს, რომ დასვენების დღეები არ არსებობს. თუ 0:3-ს წააგებ და შემდეგ დისკოთეკაზე მიდიხარ, გამოდის, რომ სულელი ხარ. და, მაინც, თუ ეს მოხდება, დავაფასებდი ფეხბურთელს, რომელიც მოვიდოდა და მეტყოდა, რომ ასე მოიქცა. ასე რომ, შეგვეძლებოდა შეცდომის გამოსწორება.

- გყავდათ მწვრთნელი, რომელსაც არ ეთანხმებოდით?

- ყველაზე მეტად პასარელასთან გამიჭირდა „პარმაში“. ის რთულ მომენტში მოვიდა და არ ესმოდა გუნდის პრობლემები. გვჭირდებოდა მხიარული ადამიანი, ის კი ძალიან ხისტი იყო, რის გამოც გუნდთან ემპათია არ ჰქონდა.

- კარიერა დუბაიში დაასრულეთ...

- ფეხბურთის თამაშს მუხლის პრობლემის გამო თავი დავანებე, მაგრამ კონტრაქტი „ალ-აჰლისთან“ კიდევ ერთი წელი მქონდა. შემდეგ პრეზიდენტმა კონტრაქტი დამიტოვა და შემომთავაზა მისი კონსულტანტი ვყოფილიყავი, რაზეც დავთანხმდი. შემდეგ მივხვდი, რომ ტრანსფერებზე მუშაობა ადვილი არ იყო და მწვრთნელს ვკითხე, შემეძლო თუ არა, მისი ასისტენტი ვყოფილიყავი. პირველი წელი ძალიან დამეხმარა, რადგან მივხვდი, რომ რას ნიშნავდა პერსონალში მუშაობა.

- ჩინეთში „გუანჯოუს“ და „ტიანჯინის“, ასევე ჩინეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყავით...

- დუბაიში სეზონი ახალი დასრულებული იყო, ყველაფერი მოვიგე, როგორც ასისტენტმა, როცა მარჩელო ლიპიმ დამირეკა და მითხრა, რომ პროექტი ჰქონდა ჩინეთში, სურდა სპორტული დირექტორი ყოფილიყო და მწვრთნელი სჭირდებოდა. ჩინეთში ფულის გამო კი არ წავედი, არამედ მწვრთნელად რომ მემუშავა. 3 თვის შემდეგ ლიპის პრეზიდენტთან კონფლიქტი ჰქონდა და გუნდიდან წავიდა.

- თქვენ?

- გავაგრძელე მუშაობა, კარგად ვმუშაობდით და პირველ ადგილზე ვიყავით. ბაზარზეც კარგად ვმუშაობდით, „ტოტენჰემიდან“ პაულინიო ვიყიდეთ, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურდა. აეროპორტში ვიყავი და იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი გაშვება სურდა და ასეც მოხდა.

- შემდეგ გაჩერება იყო საუდის არაბეთი, „ალ-ნასრი“...

- გუნდი, სადაც დღეს რონალდუ თამაშობს. მაშინ სცენარი განსხვავებული იყო. ორი ვარჯიშის შემდეგ კაპიტანმა მითხრა: „აქ რას აკეთებ? 18 თვეა ხელფასი არ აგვიღია“. ამიყვანეს, რადგან აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სურდათ, მაგრამ 4 თვე ხელფასს არ მიხდიდნენ და წავედი. ეს რთული გამოცდილება იყო.

- რომელ შეთავაზებაზე უარის თქმა ნანობთ, როგორც მწვრთნელი?

- პოლონეთის ნაკრებზე. ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და უარი ვუთხარი. პირველი მატჩი იქნებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფი რუსეთთან, მხოლოდ ორი დღე მექნებოდა გუნდის მოსამზადებლად, მერე კი შვედეთთან უნდა ეთამაშათ. რისკი ძალიან მაღალი. შემდეგ ომი დაიწყო, რუსეთი პლეი-ოფში არ დაუშვეს, პოლონეთმა კი შვედეთს 2:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

- რა არის თქვენი მთავარი ამბიცია სამწვრთნელო კარიერაში?

- ჩემი ამბიციაა „ნაპოლის“ მწვრთნელობა, რადგან ეს არის ტოპ კლუბი და გუნდი, რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს კანავაროს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „მილანმა“ ალესანდრო ნესტა იყიდა, ხოლო ფაბიო „ინტერში“ გადავიდა, რომელიც 2004 წელს დატოვა და „იუვენტუსში“ გააგრძელა კარიერა, სადაც ორი დიდებული სეზონი ჩაატარა და 2006 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო.

0.104991