ფეხბურთი

1:08 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი ევროპის ჩემპიონატზეა, იტალიას შეცდომის უფლება აღარ აქვს, სან მარინომ გოლი გაიტანა

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რიგებს ოფიციალურად შეუერთდა. ალბიონელებმა ბოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალის რიმეიქში იტალიის ნაკრებს 3:1 აჯობეს.

ჯუდ ბელინგემისა და ჰარი კეინის ლიდერობით ინგლისმა ლუჩანო სპალეტის გუნდს შანსი არ დაუტოვა, თუმცა, იტალიამ თამაში კარგად დაიწყო. მე-15 წუთზე ლამაზი კომბინაცია იტალიელებმა გოლით დაასრულეს - ჯანლუკა სკამაკამ გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტით გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს ჯორდან პიკფორდმა დესტინი უდოჯის რთული ბურთი აუღო. ზოგადად, პირველ ნახევარში იტალია არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს და შეიძლება სჯობდა კიდეც. თუმცა, მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ინგლისი გააქტიურდა და მარკუს რაშფორდის გოლით წინ გავიდა. მალევე ინგლისი მოედანზე 10 კაცით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მსაჯმა მანამდე გაყვითლებულ კალვინ ფილიპსს მეორე ყვითელი ბარათი არ მისცა, არადა, აშკარად იმსახურებდა. ინგლისმა თამაშს ინტრიგა 77-ე წუთზე კეინის გოლით მოუკლა.

ამავე ჯგუფში უკრაინა მოულოდნელად მალტასთან აგებდა, თუმცა მერე 3 უპასუხო გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამრიგად, C ჯგუფიდან ინგლისი უკვე გავიდა, რომელსაც 16 ქულა აქვს და ბოლო ორ ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასა და მალტასთან თამაშები მისთვის ფორმალობაა. მეორე ადგილისთვის იტალია და უკრაინა იბრძოლებენ.

სიტუაცია ასეთია: უკრაინას 13 ქულა აქვს 7 თამაშში, იტალიას 10 - 6 თამაშში. მომდევნო ტურში იტალია ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს და თუ გაიმარჯვებს, მასაც 13 ქულა ექნება, ბოლო ტურში კი უკრაინას ესტუმრება. ეს მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება, გადაუჭარბებლად. თუ იტალია მაკედონიასთან მოიგებს, უკრაინასთან ფრეც ეყოფა ევროზე გასასვლელად, ხოლო თუ მაკედონიას იტალია ვერ მოუგებს, ბოლო ტურში ფრე უკრაინისთვის იქნება მისაღები შედეგი... ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე ადგილის ბედი 20 ნოემბერს, უკრაინა-იტალიის მატჩში გაირკვევა.

ინგლისი - იტალია 3:1 (1:1)

ლონდონი, „უემბლი“

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი (გეჰი 63), მაგუაირი, ტრიპიერი; ფილიპსი (ჰენდერსონი 69), რაისი; რაშფორდი, ბელინგემი (გრილიში 85), ფოდენი; კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, სკალვინი, აჩერბი (ბასტონი 63), უდოჯი (დიმარკო 63); ფრატეზი, კრისტანტე, ბარელა; ბერარდი (რასპადორი 78), სკამაკა (კინი 63), ელ შაარავი (ორსოლინი 87)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 სკამაკა (15), 1:1 კეინი (32, პენ), 2:1 რაშფორდი (57), 3:1 კეინი (77)

გაფრთხილება: ფილიპსი (9) - უდოჯი (10), დი ლორენცო (30), სკალვინი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 11 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

მალტა - უკრაინა 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 ფ. მბონგი (12), 1:1 კამენცული (38, ა.გ), 1:2 დოვბიკი (43, პენ), 1:3 მუდრიკი (85)

1. ინგლისი 6 5 1 0 19 3 16 16
2. უკრაინა 7 4 1 2 11 8 3 13
3. იტალია 6 3 1 2 11 7 4 10
4. ჩრდ. მაკედონია 6 2 1 3 7 14 -7 7
5. მალტა 7 0 0 7 2 18 -16 0

უნგრეთის ნაკრებს კარგი შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოეპოვებინა, მაგრამ სტუმრად ლიეტუვას ვერ მოუგო. ეგ კი არა, მარკო როსის გუნდი 0:2-ს აგებდა და ბოლოს ქულა გადაარჩინა. სერბეთის ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრებს 3:1 აჯობა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფიდან გასვლისკენ.

უნგრეთს 14 ქულა აქვს, სერბეთს 13 და მონტენეგროს - 8. უბრალოდ, უნგრეთსა და მონტენეგროს 2-2 მატჩი დარჩათ, სერბეთს - ერთადერთი, სასწაული თუ არ მოხდა, ამ ჯგუფში არაფერი შეიცვლება.

ლიეტუვა - უნგრეთი 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ჩერნიში (20), 2:0 სირვისი (36), 2:1 შობოშლაი (67, პენ), 2:2 ვარგა (82)

სერბეთი - მონტენეგრო 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (9), 1:1 იოვეტიჩი (36), 2:1 მიტროვიჩი (74), 3:1 ტადიჩი (77)

1. უნგრეთი 6 4 2 0 11 4 7 14
2. სერბეთი 7 4 1 2 13 7 6 13
3. მონტენეგრო 6 2 2 2 6 8 -2 8
4. ლიეტუვა 7 1 3 3 8 12 -4 6
5. ბულგარეთი 6 0 2 4 3 10 -7 2

H ჯგუფში ფინეთი ბრძოლას გამოეთიშა, რომელმაც შინ ყაზახეთთან წააგო. სამაგიეროდ, ყაზახები დარჩნენ ბრძოლაში. ამავე ჯგუფში სლოვენიამ 1:0 მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას და დანიას ძალიან გაუჭირდა მაჩანჩალა სან მარინოს ძლევა - 2:1. სან მარინოელებმა გოლი ძალიან დიდი ხნის შემდეგ გაიტანეს და ესეც მათთვის ისტორიაა.

ამ ჯგუფში ყველა გუნდს 2-2 მატჩი აქვს ჩასატარებელი: სლოვენიას და დანიას 19-19 ქულა აქვთ, ყაზახეთს - 15. თუმცა, ყაზახეთის შანსი არცთუ ისე დაბალია და აი, რატომ: მომდევნო ტურში სლოვენია და დანია ერთმანეთს ხვდებიან, შესაბამისად, ორივე თუ არა, ერთ-ერთი მაინც ქულებს დაკარგავს, ყაზახეთი კი აუცილებლად მოიგებს, რადგან სან მარინოს მასპინძლობს და სხვა შედეგი უბრალოდ წარმოუდგენელია. აი, ბოლო ტურში სლოვენია-ყაზახეთია, შეიძლება ესეც ფინალი გამოდგეს.

ჩრდ. ირლანდია - სლოვენია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩერინი (5)

სან მარინო - დანია (0:1)

გოლები: 0:1 ჰოილუნი (42), 1:1 გოლინუჩი (61), 1:2 პოულსენი (70)

1. სლოვენია 8 6 1 1 17 6 11 19
2. დანია 8 6 1 1 17 7 10 19
3. ყაზახეთი 8 5 0 3 12 9 3 15
4. ფინეთი 8 4 0 4 12 9 3 12
5. ჩრდ. ირლანდია 8 2 0 6 7 9 -2 6
6. სან მარინო 8 0 0 8 1 26 -25 0

ევროპის ჩემპიონატის საგზური მასპინძელი გერმანიის გარდა, უკვე მოიპოვეს თურქეთმა, ესპანეთმა, ავსტრიამ, შოტლანდიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, პორტუგალიამ და ინგლისმა.

0.118173