საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შვედეთთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ვითარდება და მომდევნო წელს უფრო ძლიერი იქნება.
„დაძაბული თამაში იყო, ველოდით კიდევაც, შვედეთი ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის თამაში, რომელიც ვითამაშეთ და ამაზე ბიჭებსაც ვესაუბრე. გვქონდა საკმაოდ ბევრი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. არა მარტო დღეს, არამედ, ბოლო ორ თამაშში ბევრი მომენტი გვქონდა და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ, რაზეც სამუშაო გვაქვს და ეს ბიჭებმაც იციან.
რაც შეეხება თამაშს, რეალურად, რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ, რაც დღესაც გამოჩნდა, ეს არის გზა, რომელსაც ამ ახალ გუნდთან ერთად გავდივართ. ბედნიერი ვარ, რომ საწყისები კარგია და თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ. წელს ერთი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი, მომდევნო წელს კი, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა გუნდი ვიქნებით, რადგან შეთამაშების დონე გაიზრდება და დაგვემატებიან ტრავმირებული ფეხბურთელები, განსაკუთრებით ფორვარდები, რომლებიც ძალიან გვჭირდება“, - თქვა სვანაძემ.
მატჩის შემდეგ ასევე ისაუბრეს გაბრიელ სიგუამ და საბა გოგლიჩიძემ:
„დავალებები შეასრულეთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში დაგვაკლდა სიზუსტე. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ამან გამოიწვია ფრე. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება“, - თქვა სიგუამ.
„ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები, პირველ ნომრად ვითამაშეთ, უბრალოდ ბოლო ფაზაში აგრესიულობა და მომენტების გამოყენება დაგვაკლდა“, - თქვა გოგლიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფს ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს 12 ქულით, 7-7 ქულა აქვთ შვედეთსა და საქართველოს, მოლდოვას 6, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო ტურში 16 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.