საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ შვედეთს დაუზავდა - 0:0.
ბათუმში, რამაზ სვანაძის გუნდი მეტოქეს ყველა კომპონენტში ჩაგრავდა, უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა და ეს, ის შემთხვევაა, როდესაც ქულით ძალიან უკმაყოფილო უნდა ვიყოთ.
თავიდანვე ვთქვათ, რომ შვედეთს ლუკა ხარატიშვილის კართან ფაქტობრივად ხიფათი არ შეუქმნია. საპასუხოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთი რეალური მომენტი გაანიავეს. პირველ ტაიმში ორჯერ ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი კვერნაძემ, ძალიან ტექნიკურად, მაგრამ ორივე შემთხვევაში მისი დარტყმა სტუმართა მეკარე ოლიერ დოვინმა მოიგერია.
დოვინი ცალსახად მატჩის გმირი იყო: მან მეორე ტაიმშიც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი და საბოლოო 10 (!) სეივი მიითვალა, რითაც ქულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ამრიგად, ჯგუფს ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს 12 ქულით, 7-7 ქულა აქვთ შვედეთსა და საქართველოს, მოლდოვას 6, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო ტურში 16 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.
საქართველო (U21) - შვედეთი (U21) 0:0 (0:0)
ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“
საქართველო (5-4-1): ხარატიშვილი; ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 65), მაისურაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი; სიგუა, გაგნიძე, ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი; კვერნაძე (აბუაშვილი 85)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
შვედეთი (4-3-3): დოვინი; მენდესი, ვილდელი, ტოლინსონი (სმაილოვიჩი 75), სვენსონი; აიარი, გიგოვიჩი, როსენგრენი (ბერგვალი 83); ლაჰდო (პერსონი 75), ვილჰემსონი (პერსონი 61), სვედბერგი (ქასემი 61)
მწვრთნელი: დანიელ ბაკსტრომი
გაფრთხილება: ლომინაძე (83), აბუაშვილი (90) - გიგოვიჩი (65), სმაილოვიჩი (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (10) – 3 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მიკელ ფაბრი (იტალია)