„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის მატჩი „იუგ დუბროვნიკთან“ ჩაატარა და 5:12 წააგო.
ქართულმა გუნდმა მეტოქეს კონკურენცია ვერ გაუწია - კლასში სხვაობა დიდი იყო. ხორვატებმა სამი პერიოდი ადვილად მოიგეს, „დინამომ“ მხოლოდ ბოლო პერიოდში იმძლავრა, ისიც 4:3, როცა მატჩის ბედი უკვე კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო.
თბილისური გუნდის რიგებიდან დუბლით გამოირჩა ველიკი ტანკოვიჩი, თითო გოლი ანდრია ვლაჰოვიჩმა, სტეფან პიესიცავმა და ბორის ვაპენსკიმ შეაგდეს, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა.
„დინამო“ 3 წაგებით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 ნოემბერს, შინ იტალიურ „პრო რეკოსთან“ ჩაატარებს.
„დინამო თბილისი“ – „იუგი“ 5:12 (0:2, 0:3, 1:4, 4:3)