ფეხბურთი

17:56 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაჯოლის 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელმა აღიარა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და საფეხბურთო მატჩებზე ფსონების განთავსება, რაც მინიმუმ 3-წლიანი დისკვალიფიკაციის სასჯელს უდრიდა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მან პირველმა და თავად მიმართა პროკურატურას, აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასჯელის შემცირება გამოიწვია.

გარდა ამისა, ფაჯოლის არ ჰქონდა გაკეთებული ფსონები საკუთარი გუნდის მატჩებზე, რაც ასევე შეღავათის საფუძველი გახდა. შედეგად, საპროცესო შეთანხმება შედგა. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაცია 12 თვით განისაზღვრა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით 7 თვით, დანარჩენი 5 თვე ნიკოლოს აზარტული თამაშების დამოკიდებულების წინააღმდეგ მკურნალობის კურსის გავლისა და ფულადი ჯარიმის (12,500 ევრო) გადახდით გამოაკლდება.

ფაჯოლიმ დაარღვია სპორტული კოდექსის 24-ე მუხლი, რაც კრძალავს პროფესიონალი ფეხბურთელის მიერ საფეხბურთო მატჩებზე ფსონების გაკეთებას. შედეგად, 22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს გამოტოვებს, მაგრამ ზაფხულიდან უკვე ფეხბურთის თამაში შეეძლება. უფრო კონკრეტულად, მის დისკვალიფიკაციას ვადა მიმდინარე სეზონშივე გაუვა და სერია A-ს ბოლო ორ ტურში, "ბოლონიასა" და "მონცას" წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება.

ნიკოლო ფაჯოლი გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

0.114349