გუშინ, 16 ოქტომბერს, ბელგიის ნაკრებმა შვედეთის ეროვნულ გუნდთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ითამაშა. შეხვედრა ტერაქტის გამო არ დასრულებულა. თამაში 1:1-ზე შეწყდა.
ამ შეხვედრაში ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ თერთმეტმეტიანი გაიტანა და ეროვნული ნაკრებების ბომბარდირთა სიაში მეცხრე ადგილი დაიკავა (79 გოლი). ასევე მეცხრე ადგილზეა ბრაზილიელი ნეიმარი.
სიაში ლიდერი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა (127 გოლი). მეორე ადგილზე ირანელი თავდამსხმელი ალი დაეი (108 გოლი) გახლავთ. არგენტინელი ლიონელ მესი (104 გოლი) მესამე პოზიციაზეა.
ლუკაკუს დებიუტი ბელგიის ნაკრებში 2010 წლის 3 მარტს 16 წლის ასაკში შედგა. 13 სეზონის განმავლობაში, თავდამსხმელმა 111 მატჩი ჩაატარა. ბელგიის შემადგენლობაში ლუკაკუმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.