ფეხბურთი

17:39 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ჩემთვის რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედია, რაღაცას მივაღწევთ"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის რთული იქნება საქართველოს წინააღმდეგ თამაში, მაგრამ იმედი აქვს, რომ კვიპროსის ნაკრები ამჯერად მაინც შეძლებს დადებითი შედეგის მიღწევას.

„წილისყრის შემდეგ ვიცოდით, რა სირთულეებიც გვექნებოდა, ეს საქმეშიც გამოჩნდა. უკვე 6 თამაში ვითამაშეთ და სამწუხაროდ ქულა არ გვაქვს. ვეთამაშებით საქართველოს ნაკრებს, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ქულა არ გვაქვს და ვეცდებით, რომ ხვალ რაღაცას მივაღწიოთ.

საქართველოს ნაკრებთან პირველ მატჩში არც ისე შორს ვიყავით ქულის მოპოვებასთან, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ხვალ შედეგს მივაღწევთ, არ იქნება ადვილი, რთული თამაში იქნება. რა იქნება მომავალში - საუბარი ნაადრევია.

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდანვე არ მინდოდა, რომ ერთ ჯგუფში ვყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. მთელი ცხოვრება გავატარე, როგორც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, არც ისეთი ადვილი იყო ჩემთვის პირველი თამაში და არც ხვალინდელი იქნება. რთული იქნება, მაგრამ პროფესიონალები ვართ, ამ საქმეს დიდი ხანია ვაკეთებ. კვიპროსიც ჩემთვის უცხო არ არის, ნახევარ ცხოვრებაზე მეტი იქ მაქვს გატარებული. მინდორზე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიქნებით...

პირველ მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, სამწუხაროდ, იმ მატჩში ფეხბურთელები გვაკლდა, რადგან როდესაც შვებულების დრო დგება, პრობლემებიც ჩნდება და ეს პრობლემები გვქონდა. საქართველოს ნაკრებს ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ამის ხარჯზე ბოლოს გოლი გაგვიტანეს. ჩვენთვის სამწუხაროა ის, რომ სახლში 3 მატჩი ვითამაშეთ და ჩვენ უფრო ნაკლები გულშემატკივარი გვყავდა, ვიდრე მეტოქეს, იგივე საქართველოდან ბევრი ქომაგი ჩამოვიდა ლარნაკაში. შოტლანდიას ჩვენს სტადიონზე 4 000 გულშემატკივარი ჰყავდა, ხოლო ნორვეგიასთან სავსე იყო სტადიონი, მაგრამ ჰოლანდის სანახავად მოვიდნენ (იღიმის - რედ). სამწუხაროდ, ასე იყო. მე ყოველთვის მიხაროდა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში, „დინამო არენაზე“, ახლა აქ ვითამაშებთ, მაგრამ ამ სტადიონზეც მაქვს ნათამაშები, ბოლოს „მესხის“ სტადიონზე რომ ვითამაშე, მძიმე ტრავმა მივიღე და 1 წელი გამოვტოვე. იმედი მაქვს, რომ ხვალ ხალხი მოვა და კმაყოფილი იქნებიან თამაშით.

რა თქმა უნდა, როცა მარცხდები არავის უხარია, მაგრამ ვიცოდით, რა რთულიც იქნებოდა. ახლაც ვიცით, როგორი რთული თამაში გველოდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ვიბრძოლებთ. ამ ჯგუფში როცა მოვხვდით, მაშინვე ვთქვი, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა ჩვენთვის. ჩვენი ამოცანა იყო, მეტოქეებისთვის ჩვენთან თამაში ადვილი არ ყოფილიყო, ზოგჯერ ეს მოვახერხეთ, ზოგჯერ კი ვერ. სამწუხაროდ, ქულები ვერ მოვიპოვეთ. ნორვეგიის ნაკრები ვერ გადის ფინალურ ეტაპზე, ასეთი დონის გუნდი და ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი, რაღაცისთვის რომ ვიბრძოლოთ, ერთა ლიგა იქნება, სადაც ამხელა სხვაობა არაა გუნდებს შორის. ჩვენთვის არც იქ იქნება ადვილი, რადგან კვიპროსმა ერთა ლიგაზე ორჯერ ითამაშა პლეი-ოფი დივიზიონში დარჩენისთვის. ამ ჯგუფში კი ყველა გუნდი ჩვენზე ძლიერი იყო და შანსი არ გვქონდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტები ერთა ლიგის პლეი-ოფში ალბათ, საბერძნეთი და ლუქსემბურგი იქნებიან, მეოთხე მოგვიანებით გაირკვევა, რადგან თურქეთი უკვე გადის ფინალურ ეტაპზე. ორჯერ ამ ეტაპზე თამაში საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებაა. გული მწყდება, რომ პირველი ფინალის დროს დაემთხვა პანდემია, რადგან მჯერა, რომ გულშემატკივრებით საქართველოს ნაკრებს შეეძლო გამარჯვება, თანაც წამყვანი ფეხბურთელებიც დააკლდა კორონავირუსის გამო. ახლაც არის შანსი, არის გუნდში ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლონ. ამ კონკრეტულ ჯგუფში კი ჩვენთვისაც ძნელი იყო და საქართველოს ნაკრებისთვისაც რაღაც გაგვეკეთებინა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას“, - თქვა ქეცბაიამ.

პრესკონფერენციაზე იყო კვიპროსის ნაკრების მეკარე ჟოელ მალი, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა: „გუნდში თავდაჯერება ამჟამად საკმაოდ დაბალია და რთულ შეხვედრას ველოდებით. თუმცა, პირველი მატჩი ჩვენს შორის საკმაოდ დაძაბული იყო და ვეცდებით ქულა მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. საქართველოსა და კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.

0.118018