რაგბი

13:18 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედია: ავსტრალია, სამოა და საქართველო იყვნენ ძალიან კარგები, ვინც მსოფლიო თასს გამოეთიშა

მსოფლიო პრესა რაგბიში მსოფლიო თასის განვლილ წრეს აანალიზებს, და, მათგან ვინც ჩემპიონატს გამოეთიშა საუკეთესო გუნდებსაც ასახელებს. ავსტრალიის წამყვანი სააგენტო “The Roar” მიიჩნევს, რომ მათგან ავსტრალია, სამოა და საქართველო ყველაზე კარგები იყვნენ, ბრიტანული The Daily Mail ტონგას, სამოას, პორტუგალიას და საქართველოს გამოჰყოფს, – მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ამ ტრიოს ურუგვაის და ჩილეს ამატებს, შოტლანდიური Rugby 365 – შოტლანდიას და ავსტრალიას ფინალს გარეთ დარჩენილ ლიდერებად მიიჩნევს, თუმცა მათ გვერდით პორტუგალიას, საქართველოს და ტონგას ასახელებს, – ფაქტია, რომ ნებისმიერი საექსპერტო ანალიზით, რამდენიმე ქვეყანას შორის ვინც ფლეი ოფში ვერ მოხვდა, თუმცა მაღალი დონის თამაშით მაინც გაიბრწყინა, ერთი – უდავოდ საქართველო იყო.

ქართველები ტრადიციულად ძალიან კარგები შერკინებაში იყვნენ, – გასაგებია, რომ შერკინება უმთავრესი არ არის რაგბიში, მაგრამ სავალდებულოა – აწევა, მიწოლა, მოლი, ბოჭვა, რაქი… ღრენა ამ სპორტის მთავარი ხიბლია, წერს “The Roar” და ამ კუთხით ქართველთა შორის გურამ გოგიჩაშვილს გამოჰყოფს.

შერკინება ქართული რაგბის ერთადერთი ძლიერი მხარე აღარ არის, ის დღეს უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვეა – მიიჩნევს უორნერ გეთლანდი: “საქართველომ მკვეთრად გააუმჯობესა და განავითარა აქამდე მხოლოდ შერკინებაზე ორიენტირებული თამაში. ფიჯისთან არ გაუმართლა, თორემ სხვა შედეგს აჩვენებდა. რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, რომელიც როგორც 20 წლამდელების, ისე საკლუბო დონეზე ვითარდება”.

Balls – დუბლინი

საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ რაგბის გულშემატკივარი ორივე გუნდის 6 ერში რაიმე ფორმით ჩართვას დაჟინებით მოითხოვს. იმ ფონზე რომ იტალია ვერადავერ ახერხებს თამაშის გაუმჯობესებას, აქამდე მის ჩასანაცვლებლად ყველაზე ხშირად საქართველოზე საუბრობდნენ, ახლა პორტუგალიასაც მოიხსენიებენ.

Rugby 365

საქართველომ კარგად გამოიყენა ძლიერი მხარეები და შედეგსაც მიაღწია. ის მე-4 იყო მოგებული შერკინებების საშუალო მაჩვენებლით (94%). ასევე, ტერიტორიის მოგებას ქართველები ხშირად ფეხით ცდილობდნენ და თამაშში საშუალოდ 29,8 დარტყმა განახორციელეს, რაც ასევე მეოთხე მაჩვენებელია ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ შეძლეს ამ უპირატესობის სათანადოდ გამოყენება. საქართველო კარგად გამოიყურებოდა ხელით თამაშისას, რაც ცხადყოფს, რომ გუნდი ვითარდება. ამ მხრივ გუნდის ლიდერი დავით ნინიაშვილი იყო, რომელმაც 52-ჯერ წაიღო ბურთი, 524 მეტრი მოიგო (მეორე ადგილზე გასულმა – მხოლოდ 292 მეტრი) და 22 მცველი გააბითურა.

Daily Mail

2026 წლიდან ერთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 6 ერის 6 გუნდს მოიცავს და ასევე ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და არგენტინას, კიდევ ორი ქვეყანა სავარაუდოდ ტონგას, სამოას, პორტუგალიასა და საქართველოს შორის აირჩევა, თუმცა ეს მხოლოდ 2030-ში მოხდება. მსოფლიო რაგბი ირწმუნება, რომ მანამდე ამ ქვეყნებს პლანეტის საუკეთესო გუნდებთან თამაშის მეტ და რეგულარულ შესაძლებლობას მისცემს, და ეს მისი პრიორიტეტი იქნება. ბილ ბომონტი, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი – „მინდა დავარწმუნო ყველა რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პორტუგალია, სამოა, ტონგა, ურუგვაი, ჩილე და საქართველო, მართალია, მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ, მაგრამ ჩვენ მათ თამაშს არ ვივიწყებთ, და, რეგულარულად ჩავრთავთ მაღალი დონის ტურნირებში. ისინი უკვე არიან ჩვენი მსჯელობის ცენტრში საერთაშორისო კალენდრის განხილვისას. გარწმუნებთ, რომ ამერიკაში დაგეგმილი 2031-ის მსოფლიო თასი შეუდარებლად უფრო კონკურენტული და მოულოდნელობებით სავსე იქნება“.

RUGBY.GE

0.120176