ფეხბურთი

23:00 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "დავალებებს მთელი თამაშის განმავლობაში სწორად მივუდექით"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ტაილანდთან მატჩის (8:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„გიორგის ამჟამად კლუბში რთული სიტუაცია აქვს, თუმცა, მე მჯერა, რომ ფეხბურთელი გამოწვევებს და სირთულეებს არ უნდა გაურბოდეს. იმედი მაქვს, რომ დარჩება „აიაქსში“, რადგან მისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ასეთ ძლიერ გუნდში თამაში. მან უკვე არაერთხელ დაამტკიცა მისი შესაძლებლობები, ნაკრებში განსაკუთრებით, დღესაც ძალიან გამიხარდა მისი წარმატება. მჯერა იმის, რომ თუ გააგრძელებს შრომას და მუშაობას, „აიაქსში“ თავის შანსს აუცილებლად მიიღებს და გამოიყენებს კიდეც.

კვარასთან სათამაშო მომენტზე ვსაუბრობდი, კონკრეტულად ვერ ვიტყვი, თუმცა, ხვიჩა ყოველთვის კონსტრუქციულად უდგება ჩვენს საუბარს და იცის, რომ მე ყოველთვის დეტალებს ვაქცევ ყურადღებას. ეს დეტალები შეიძლება გადამწყვეტი იყოს ფეხბურთელისთვის. მას ხანგრძლივი და რთული სეზონი ელოდება „ნაპოლიში“ და იცის, რომ ასეთ დეტალებს ყურადღება უნდა მიაქციოს იმისთვის, რომ გააგრძელოს გაუმჯობესება და განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბრწყინვალე ფეხბურთელია.

ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე უმჯობესია თვითონ ფეხბურთელებმა გასცენ პასუხი. ისინი ხშირად აღნიშნავენ სწორედ იმას, რომ სხვა ქვეყნებში სხვანაირად და ბევრად უფრო მაღალ დონეზეა ფიზიკური მომზადება განსაკუთრებით. სწორედ ეს აღვნიშნე გუშინ კონკრეტულ მაგალითებზე, ალთუნაშვილზე, ჩაკვეტაძეზე. ალბათ შეამჩნევდით, რომ ისინი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში სწრაფად განვითარდნენ ფიზიკურად და შესაბამისად, მათი თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა. შეამჩნევდით, რომ ჩაკვეტაძის ბურთის ფლობა ბევრად სხვა დონეზეა ახლა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ზოგადად, 20 წლის, როდესაც მე თვითონ ვთამაშობდი, ფეხბურთი არ იყო ისეთი ინტენსიური, როგორც დღესაა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება, მეტი შრომაა საჭირო და ამაზე გავამახვილე ყურადღება და არა კონკრეტულ პრობლემაზე, რომელიც ქართულ ფეხბურთშია.

მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და რა თქმა უნდა, მეტის გატანაც შეგვეძლო. ვფიქრობ, ძალიან სწორად და პროფესიულად მივუდექით ჩვენს დავალებებს მთელი თამაშის განმავლობაში. ზივზივაძეზე მთლად ვერ დაგეთანხმებით, ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში. მასაც კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ აქვს და ეს მისთვის რთულია, თუმცა, როგორც მან, ისე მიქაუტაძემ დღეს კარგად ითამაშა. კვირას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ითამაშებს, გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო, რთული გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, ეს თამაში ორივეს წაადგება.

სიგუაზე დაგეგმილი მქონდა, რომ ძირითადში იქნებოდა და 45 წუთს ითამაშებდა, თუმცა, ბოლო ვარჯიშზე მთლად კმაყოფილი არ ვიყავი, შეიცვალა ჩემი გეგმები. მაგრამ 35 წუთი მაინც ითამაშა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ ისწავლოს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ტაქტიკურ სქემაში. იმედი მაქვს, რომ მომავალში მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება, მაგრამ ახლა სავარაუდოდ უმჯობესია, რომ ნელ-ნელა მივუდგეთ მის განვითარებას. დღევანდელი 35 წუთით კი, რომელიც მან ითამაშა, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა, მომდევნო მატჩს კი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.11165