საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა.
რამაზ სვანაძის გუნდი ბათუმში ნიდერლანდებთან ვერაფერს გახდა - 0:3. არადა, საქართველომ თამაში კარგად დაიწყო და ანგარიშის გახსნასთან ორჯერ ძალიან ახლოს იყო. მე-15 წუთზე გიორგი კვერნაძემ ითამაშა შესანიშნავად, ორ მცველს შორის გაძვრა, მეკარესთან პირისპირაც გავიდა, მაგრამ ვიზავის ვეღარ აჯობა. 3 წუთში ნიდერლანდები ძელმა იხსნა, როდესაც გიორგი მაისურაძე ურტყამდა ახლო მანძილიდან.
სტუმრებმა კი, პირველივე რეალური შანსი გოლად აქციეს. თავი ბიორნ მეიერმა გამოიჩინა. მან პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დუბლიც შეასრულა და მატჩის ბედი იქვე პრაქტიკულად გადაწყვიტა. 57-ე წუთზე მესამე გოლი ნოა ოჰიომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
0:3-ზე საქართველოს შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ ჯერ ლაშა ოდიშარიამ მეკარის გარეშე დარჩენილ კარში 5 მეტრიდან ააცილა, ხოლო მერე საბა მამაცაშვილი ურტყამდა ახლო მანძილიდან მეკარემ აჯობა. ეს იყო და ეს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 3 მატჩში 6 ქულა აქვს და ჯგუფში, სადაც ლიდერი ნიდერლანდებია 9 ქულით, მეორე ადგილზეა. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, ისევ ბათუმში, უშუალო კონკურენტ შვედეთთან გამართავს.
საქართველო (U21) - ნიდერლანდები (U21) 0:3 (0:2)
ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“
საქართველო (5-4-1): ხარატიშვილი; გ. მამაგეიშვილი (ოდიშარია 46), მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, მამაცაშვილი; ო. მამაგეიშვილი (ოგბაიძე 86), ლომინაძე, გაგნიძე (მორჩილაძე 70) ოსიყმაშვილი (ეგოიანი 46); გ. მამაგეიშვილი; კვერნაძე (იობაშვილი 76)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
ნიდერლანდები: რააციე; რენში, ფლამინგო (კასანვირო 78), ჰატო, მეიერი (სალაჰ-ედინი 55); პროპერი, ვან ბომელი (რეგეერი 77), ტეილორი; ჰანსენი (მანჰოფი 69), ოჰიო (პოკუ 69), ვან ბრედეროდე
მწვრთნელი: მიხაელ რაიციგერი
გოლები: 0:1 მეიერი (26), 0:2 მეიერი (45), 0:3 ოჰიო (57)
გაფრთხილება: გოგლიჩიძე (35), მამაცაშვილი (40), ლომინაძე (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 10 (7) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ალესანდრო დუდიჩი (შვეიცარია)