ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ აურელიო დე ლაურენტისმა დაშალა და გულშემატკივრებმა პირველ რიგში მას უნდა უსტვინონ, არა ფეხბურთელებსა და რუდი გარსიას.
„ნაპოლი“ თუ სეზონს რუდი გარსიასთან ერთად გააგრძელებს, ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც გაუჭირდება, ეს უკვე სეზონის დასაწყისშიც ვთქვი. თუ კონტე მოვა, ყველაფერი შეიცვლება. სხვას რას ელოდნენ გულშემატკივრები? დე ლაურენტისმა მოიყვანა მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთს პრაქტიკულად ჩამოშორებული იყო და საუდის არაბეთშიც კი გაათავისუფლეს. რას ელოდნენ ფენომენი სპალეტის ადგილზე მისული ასეთი მწვრთნელისგან?
უცნაურია, რომ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ ფანებმა ფეხბურთელებს და გარსიას უსტვინეს, მაგრამ არა დე ლაურენტისს, რომელმაც ყველაფერი დაშალა სპალეტის გუნდიდან გაშვებით. მან კატასტროფა გამოიწვია, აღარ არის გუნდში მაგიური გარემო. მწვრთნელს არ ენდობიან, პოლიტანოც კი ეწინააღმდეგება“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით, აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტესთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და რუდი გარსია სამსახურს შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, ფრანგი დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩებში ისევ „აძურის“ მწვრთნელი იქნება.