საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს შესარჩევი ეტაპი არის შანსი ახალი თაობისთვის, რომელიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს.
„რთული მეტოქეა. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, როგორც ნიდერლანდებთან, ასევე სხვა დიდ გუნდებთან თამაშის. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ ის დრო, რაც გვქონდა, ვეცადეთ, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. გუნდში პოზიტიური განწყობაა და ვეცდებით, თავი კარგად წარმოვაჩინოთ.
პირველ რიგში ამ თამაშებს განვიხილავთ, როგორც შანსს. შანსს ახალი თაობისთვის, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს დიდ ფეხბურთში. ეს მათთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. დიდი მოცულობის სამუშაო ტარდება ფსიქოლოგიური კუთხით, რადგან პირველი შეხება ექნებათ მაღალი დონის ევროპულ ფეხბურთთან. ამიტომ, ჩვენც ინტერესით ველოდებით ამ შეხვედრას და რეალურად ბევრ კითხვას გასცემს ეს თამაში პასუხს. ვიცი ჩემი ფეხბურთელების ხასიათი და საერთო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მიზანი ექნებათ, რომ მატჩი დადებითად დავასრულოთ“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად 6 ქულით ლიდერია. სვანაძის გუნდი 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს (18:00 საათი), ხოლო 17 ოქტომბერს შვედეთს (19:00 საათი) შეხვდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.