ფეხბურთი

16:57 | 11.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტაილანდის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან თამაში ჩვენთვის გამოწვევა და დიდი გამოცდილებაა"

ტაილანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეშანდრე პიოლკინგმა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდია და ეს მატჩი მისი გუნდისთვის გამოცდასთან ერთად დიდი გამოცდილება იქნება.

„გვიხარია აქ ყოფნა და ამ დონის ნაკრებთან თამაში. ვიცი, რომ საქართველო საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა. დიდი ხანი გერმანიაში ვცხოვრობდი და ბევრი ქართველი ფეხბურთელი მინახავს მოედანზე, მათ შორის, ლევან კობიაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა გველის ძლიერ გუნდთან. გვინდა, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ დონის გუნდთან თამაში. დაგვრჩა კიდევ ერთი ვარჯიში, მოვემზადებით და იმედი მაქვს, ღირსეულად ვითამაშებთ.

ტაილანდში ვცხოვრობ, ამ ქვეყანაში ფეხბურთი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, იყო შეფერხებები პანდემიის დროს, მაგრამ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ფეხბურთი სწორ გზაზეა. ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ტექნიკურები არიან. აზიაში საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ, ჩვენი საბოლოო მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია და სწორედ ამისთვის ვშრომობთ და ვემზადებით.

მას რთული გვარი აქვს, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელია, ტექნიკურად და დაბალანსებულად თამაშობს, შეიძლება ბრაზილიელ ფეხბურთელებს შევადაროთ. ის ფაქტი, რომ კვარაცხელია ასეთი დონის გუნდში თამაშობს, მაგალითია ყველა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის, მას უკვე დიდი მიღწევები აქვს. ჩვენთვის მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება და ამავდროულად ჩვენი მცველებისთვის დიდი გამოცდილება.

ჩვენ საკმაოდ მკაფიო სათამაშო გეგმა გვაქვს, ვცდილობთ, შემტევი ფეხბურთის თამაშს, ბურთის შენარჩუნებას, მაღალ პრესინგს, მაგრამ ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, ამხანაგური თამაშის მთავარი დანიშნულება არა შედეგი, არამედ ისაა, გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ასეთი დონის გუნდებთან თამაში“, - თქვა პიოლკინგმა.

პრესკონფერენციაზე ასე იყო ტაილანდის ნაკრების ფეხბურთელი ბორდინ ფალა, რომელმაც კომენტარი გააკეთა.

ხვალინდელი თამაში მთელი გუნდისთვის გამოცდილება. საქართველო რეიტინგში ჩვენზე ბევრად მაღლაა, მაგრამ მზად ვართ ღირსეულად ვითამაშოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ მეტოქეს და იმედი გვაქვს, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. მას შემდეგ, რაც ახალი მწვრთნელი გვყავს, შემტევ ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ხვალ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვნახოთ, რა დავალებებს მოგვცემს მწვრთნელი კონკრეტულად ამ თამაშისთვის“, - თქვა ფალამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ტაილანდის მატჩი 12 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო 15 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს, ასევე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე (17:00 საათი).

0.115659