5 წლიანი პაუზის შემდეგ ლუკა დონჩიჩი „რეალში“ დაბრუნდა, თუმცა არა როგორც მოთამაშის, არამედ მოწინააღმდეგის სტატუსით. სლოვენიელმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და მას მადრიდში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
"რეალისა" და "დალას მავერიკსის" ამხანაგური მატჩის წინ ფლორენტინო პერესმა დონჩიჩს სპეციალური საჩუქარი გადასცა, ეკრანზე კი მისი „რეალში“ გატარებული მომენტები აჩვენეს, მათ შორის მომენტი, როდესაც ლუკამ მადრიდულ გრანდთან ერთად ევროლიგის თასი აღმართა.
რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. ყველაფერი კი ბოლო პერიოდმა და წუთებმა გადაწყვიტა. შესანიშნავად ითამაშა კამპაცომ. მან დასკვნით წუთებში ჯერ საჯარიმოები გამოიყენა, ხოლო ბოლოს 3-ქულიანიც ჩააგდო და შეხვედრა 127:123 დასრულდა.
ლუკა დონჩიჩმა პარკეტზე მხოლოდ პირველი პერიოდი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა მიითვალა, მან 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. მატჩის შემდეგ ლუკამ აღნიშნა, რომ თუ ევროპაში დაბრუნდება, ის კლუბი სადაც ითამაშებს, აუცილებლად „რეალი“ იქნება.
აღსანიშნავია, რომ დარბაზში არაერთი ვარსკვლავი იმყოფებოდა, მათ შორის „რეალის“ ფეხბურთელები ტიბო კურტუა, ტონი კროოსი და ა.შ.
ყველაზე შედეგიანი "დალასის" კალათბურთელი ტიმ ჰარდავეი იყო, რომელმაც 21 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა, სეტ კარის ანგარიშზე კი 13 ქულა იყო.
მადრიდელთაგან 20 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა კამპაცომ. სერხიო ლულის ანგარიშზე 19 ქულა იყო, ხოლო იაბუსელემ 18 და პორიემ 15 ქულა ჩააგდეს.
აქვე გეტყვით, რომ დონჩიჩი რეალს 13 წლის ასაკში შეუერთდა და 2018 წლის ევროლიგა და ლიგა ენდესა მოიგო. 19 წლის ასაკში და NBA-ში წასვლამდე კი მან თავის სახელი ისტორიაში ჩაწერა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა MVP ორივე პრესტიჟულ ტურნირზე.
2018 წლის NBA-ის დრაფტზე კი ლუკა მე-3 ნომრად აირჩიეს და უკვე 5 წელია "დალას მავერიკსის" ღირსებას იცავს.
"რეალს" NBA-ს კლუბებთან სულ 9 თამაში აქვს ჩატარებული და მათ შორის მე-3 შეხვედრა მოიგო.