მადრიდის „რეალისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, სოციალურ ქსელში მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ დაწერა.
„სწორ მომენტში უნდა შეგეძლოს გაჩერება. 16 წლიანი კარიერის და 700-ზე მეტი მატჩის ჩატარების შემდეგ გადავწყვიტე დავასრულო ჩემი პროფესიული საფეხბურთო კარიერა. მე შევძელი ევროპისა და მსოფლიოს სპორტულ მოედნებზე თამაშისა და გართობის სურვილის რეალიზება.
მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში გავიცანი გამოჩენილი ადამიანები, რეჟისორები, მწვრთნელები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ კლუბებს, რომლებშიც ვთამაშობდი: „ლილი,“ „ჩელსი“ და მადრიდის „რეალი“ და, რა თქმა უნდა, მადლობა ბელგიის ნაკრებს. დიდი მადლობა, ჩემო გულშემატკივრებო, წლების განმავლობაში მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის ყველა ქვეყანაში, სადაც ვთამაშობდი. ახლა დროა დავტკბე წარმატებებით და განვიცადო ახალი გამოცდილება.“ - წერს აზარი.
32 წლის ბელგიელმა „ლილთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, „ჩელსისთან“ ერთად კი ინგლისისა და ევროპა ლიგის ორგზის ჩემპიონი, ასოციაციისა და ლიგის თასების მფლობელი გახდა.
მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში აზარმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ეროვნული სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და უეფას სუპერთასი. მთლიანობაში, გარემარბმა კარიერის განმავლობაში კლუბებში 623 მატჩი ჩაატარა, 167 ბურთი გაიტანა და 157 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში აზარი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ნაკრებში მან 126 მატჩი ჩაატარა, 33 ბურთი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა მიითვალა.