ფეხბურთი

13:26 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ბოლო მატჩებით ძალიან უკმაყოფილო ვართ, ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მეც, მთელი ნაკრებიც და მთავარი მწვრთნელიც, ძალიან თვითკრიტიკულები ვართ. ჩვენი მიზანია, რომ გავაანალიზოთ ჩვენ-ჩვენი შეცდომები, რა თქმა უნდა, ბოლო მატჩებით ძალიან უკმაყოფილო ვართ, ვიღებთ თქვენს კრიტიკას, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ცუდი ფონი იყო. შოტლანდიასთან მატჩამდე 10-დან 8 მოგებულ გვქონდა, ასეთი კარგი სერია მე ჩვენი ნაკრებისგან არ მახსოვს. პირადად მე, არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ზოგიერთი რაღაცები არ შეიძლება. ჩვენი ამოცანაა ნაკრებს ჰქონდეს საუკეთესო პირობები.

რატომ შევარჩიეთ ტაილანდი? მოგეხსენებათ, 5-გუნდიან ჯგუფში ვართ და შესაბამისად, გვაქვს თავისუფალი ფანჯარა. ამიტომ, უეფასთან შეთანხმებით ხდება მატჩების ორგანიზება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო სახლის თამაში, რადგან შემდეგ კვიპროსს აქ ვეთამაშებით, ამიტომ, შევარჩიეთ ტაილანდი.

ჩვენი ამოცანაა ნაკრებში ისეთი ფეხბურთელებიც მოვიწვიოთ, რომლებიც დიდი ხანია სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. მარადიშვილთან დაკავშირებით საქმე რთულადაა, რადგან რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში აქვს ნათამაშები და ფიფა ჯერ არ გვაძლევს უფლებას, რომ ეროვნულ ნაკრებში ვათამაშოთ, თუმცა, საქართველოს მოქალაქე უკვე გახდა. რაც შეეხება ჯოვინოს, მას გადაბმულად საქართველოში ცხოვრების 5 წელი არ უგროვდება, რადგან ცოტა ხანი უცხოეთში თამაშობდა, ამიტომაც ეს პრობლემაა“, - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩს ტაილანდის ნაკრებთან (20:00 საათი) გამართავს, ხოლო 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113069