ფეხბურთი

12:30 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ბოლო მატჩებზე, ნაკრებში სიტუაციაზე, ფეხბურთელებსა და მომდევნო თამაშებზე...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა იმ თემებზე, რაც ბოლო დროს აქტუალურია.

„ესპანეთთან თამაში იყო საშინელება, ფეხბურთელებს ფაქტობრივად არაფერი უჩვენებიათ, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემზეა. შეიძლება ისევ 3 მცველით უნდა გვეთამაშა, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ეტაპი, როცა მზად ვიყავით, როცა ახალი უნდა გვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია, ზოგადად, ცხოვრებაში არ უნდა შეგვეშინდეს იმის თქმის, რომ რაღაც შეგვეშალა. ამის შემდეგ გვქონდა ნორვეგიასთან მატჩი, სადაც ბევრად უკეთ წარმოვაჩინეთ თავი და გამოჩნდა, რომ 3 მცველით ბევრად უკეთ გამოგვდის თამაში.

ფეხბურთელების გამოძახების პრინციპი? ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს თავს თითოეული მოთამაშე. ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ ბევრს არ თამაშობს, გვინდა, მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს, მაგრამ მას კლუბში სათამაშო დრო რომც არ ჰქონდეს, ვფიქრობთ, იმსახურებს ნაკრებში ყოფნას, რადგან ყოველთვის კარგი იყო ნაკრებში. ნაკრებსა და კლუბში თამაში განსხვავებულია, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, აბურჯანიას და გოჩოლეიშვილს, რომლებიც ბოლო მატჩებში ვერ იყვნენ ისეთი კარგები, როგორებიც შეუძლიათ იყვნენ, ამით მინდა ვაჩვენო, რომ უფრო მეტი სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებში თავი ისე წარმოაჩინონ, როგორც შეუძლიათ. ჩვენ არასდროს ვკეტავთ კარს ფეხბურთელებისთვის, სავარაუდოდ, მომავალშიც გვექნება ცვლილებები.

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ერთა ლიგა არის ჩვენთვის მთავარი მიზანი, რადგან ეს არის გზა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მეორე მხრივ, საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, რაც ჩვენთვის გამოწვევაა და გვინდა ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. ივა გელაშვილის იმედი ნამდვილად გვაქვს, მან ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და დაგვანახა, რომ კარგი ფეხბურთელია. ახლა გვაინტერესებს, თუ რა შეუძლია ეროვნულ ნაკრებს შემატოს. ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩები თავდაჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სრული სერიოზულობით ვემზადებით.

დღევანდელ ფეხბურთში მთელი გუნდი ერთად იცავს თავს და ასევე უტევს. თუ გოლი გოლს ვუშვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დაცვის ხაზის ბრალია, ან თუ გოლს ვიტანთ, მხოლოდ შემტევების დამსახურება არ არის. სამწუხაროდ, საზონოვმა ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება, მაგრამ აქ არის გელაშვილი. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ჯერ არ აქვს რომელიმე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახდინოთ გუნდთან მისი ინტეგრაცია. გუნდის წვრთნა არ არის მათემატიკა ან ჭადრაკი. 2 წელზე მეტია, რაც აქ ვარ და ვცდილობდი შემედარებინა საქართველოს ნაკრები სხვა ევროპულ წამყვან გუნდებს. სტატისტიკურად, ერთ-ერთი მოწინავე ვართ იმით, თუ რამდენ ახალ ფეხბურთელს მივეცით შანსი. ეს ნიშნავს, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ყოველთვის მზად ვარ მივიღო ის მოთამაშე, რომელიც რაღაცას უჩვენებს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად მე ვწყვეტ, ვინ იქნება ნაკრებში და ვინ - არა. ესპანეთთან ბევრი გოლი გავუშვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დაცვა იყო ცუდი, კიდევ ვიმეორებ, ერთად ვუტევთ და თავს ერთად ვიცავთ.

ყოველთვის მიჭირს საუბარი ინდივიდუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ფეხბურთელებს, მაგრამ რახან მასზე მკითხეთ, გიპასუხებთ: გოჩოლეიშვილის არგამოძახება არავითარ შემთხვევაში არ არის დასჯა. სათქმელად შეიძლება მარტივი იყოს, რომ გვინდა ნაკრებში 7 ვინგერი, 25 თავდამსხმელი, მაგრამ ასე ხომ ვერ ვითამაშებთ? ნაკრები, როცა კომპლექტდება, ჩვენ ყოველთვის გუნდზე ვფიქრობთ. კარგად მახსოვს, ლოჩო პირველად რომ გამოვიძახეთ, მას შემდეგ ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო, შესაბამისად, მას ვენდობი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი სიგნალები ვაჩვენო ასევე სხვა მოთამაშეებს. ჩვენი გაშვებული ბოლო გოლებიდან 6-ში სამწუხაროდ გოჩოლეიშვილი მონაწილეობდა და თუ მას ახლა გამოვიძახებდი, ცუდი გამოხატულება იქნებოდა, რადგან თუ შენ ჩააგდებ თამაშს და კარგად ვერ ითამაშებ, მაინც გამოგიძახებ ნაკრებში და ეს შეიძლება სხვა ფეხბურთელებსაც ცუდად მიეღოთ. გოჩოს არგამოძახება არ ნიშნავს, რომ შემდეგ შეკრებებზე მას არ გამოვიძახებთ. მისთვის ეს პირველი სეზონია მას შემდეგ, რაც „საბურთალოდან“ გადავიდა და დონე შეიცვალა, მასაც სჭირდება დრო, რომ დალაგდეს და ინტეგრაცია მოახერხოს. მე ვენდობი მას და მჯერა, რომ დაბრუნდება ეროვნულ ნაკრებში, რადგან ამ ბიჭს აქვს ხარისხი, რომელიც გვჭირდება. შეხედეთ ყველაფერს ჩემი გადმოსახედიდან, თუ ვინმე ვერ ითამაშებს, შეიძლება ნაკრებს მიღმა დროებით დარჩეს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მომავალში არ გამოვიძახებთ.

არ ვეთანხმები იმას, რომ რეგრესი გვაქვს. თუ ვსაუბრობთ, პროგრესსა და რეგრესზე, აუცილებელია, აღნიშნოთ, თუ რას გულისხმობთ. ერთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ ჩვენთვის გულდასაწყვეტია ბოლო მატჩის შედეგები, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს სრულ სურათს. ფეხბურთში გუნდის შენება 2 წამში არ ხდება, თუ მოიგებ, ყველა ბედნიერია, თუ წააგებ - არა. მეც ასე ვარ, მაგრამ უნდა განვსაზღვროთ, რა იყო კარგი, რა ცუდი. შეხედულებები ყოველთვის განსხვავებულია და მივესალმები თქვენს ჯანსაღ კრიტიკას.

თუ ფეხბურთელი კარგად თამაშობს, გუნდში ვიძახებ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ კლუბში თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ნაკრებში საერთაშორისო დონეზე თამაში გვიწევს და უნდა შეგეძლოს ამ დონეზე არსებულ ინტენსიური და ძალისმიერი ფეხბურთის მოთხოვნების დაკმაყოფილება. სწორედ ეს კრიტერიუმებია, რომელიც განსაზღვრავს გამოვიძახო კონკრეტული ფეხბურთელი თუ არა

ჩემი ნაკლები გამოცდილება? ძალიან მაღალ დონეზე, როგორც მწვრთნელს არ მიმუშავია, არ ვყოფილვარ „მანჩესტერ სიტიში“, „ბარსელონაში“ ან საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელად, მაგრამ ამის გამო საბოდიშო არ მაქვს. ფეხბურთელის გამოცდილებით ძალიან ბევრი რამ გამოვიყენე, რაც მწვრთნელობაში გამომადგებოდა სხვადასხვა თვალსაზრისით“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩს ტაილანდის ნაკრებთან (20:00 საათი) გამართავს, ხოლო 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება.

0.105355