„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედგაცრუებულია, რადგან ასეთ თამაშს მისი გუნდისგან არ ელოდა.
„იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ, რადგან ჩვენგან ასეთ თამაშს არ ველოდი. ცუდი შედეგია. პირველი გოლი არ უნდა გაგვეშვა, გათანაბრების შემდეგ კი უნდა გვქონოდა ბიძგი, რათა შეგვეცვალა მატჩის ინერცია. სამწუხაროდ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ასევე შეტევაში. გვქონდა საგოლე მომენტები, რაც შეცვლიდა მატჩის მსვლელობას. იყო აგრესიის ნაკლებობა.
პასუხისმგებლობას ვიღებ წაგებაზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეცვლები არასწორად გავაკეთე. ვცდილობდი, რასპადორით შეტევაში სიახლე შემეტანა, შემდეგ სიმეონე შევიყვანე და ორი ფორვარდით ვერ ვითამაშებდით, რადგან ნახევარდაცვა გვჭირდებოდა. ახლა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში არ ვართ და პირველი მიზანია ოთხეულში დაბრუნება, ვეცდებით, რამდენიმე მატჩი ზედიზედ მოვიგოთ. თუ კარგად ვიმუშავებთ, სიმართლეს დრო გამოაჩენს.
ფანების სტვენა? ისინი მართლები არიან, რადგან სახლში წაგებით ბედნიერი ვერ იქნებიან. ყველანი გაბრაზებულები ვართ, უკეთესს შედეგს ველოდით. ვერონაში უნდა გავიმარჯვოთ. სანამ ზედიზედ 3 თამაშს არ მოვიგებთ, ოთხეულში ვერ შევალთ“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ყველა საკუთარ მოედანზე - „ლაციოსთან“, „რეალსა“ და „ფიორენტინასთან“. „აძური“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.