ფეხბურთი

0:50 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სხვანაირი "ნაპოლი" და მორიგი მარცხი...

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა და კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის პრობლემები, რაც რუდი გარსიას გუნდს აქვს.

ფაქტია: ეს არ არის შარშანდელი „ნაპოლი“, არც თამაშის ხარისხით, არც ინტენსივობით, არც აგრესიით, არც მონდომებით. გუნდს პრობლემები აქვს შეტევაშიც და რაც მთავარია, დაცვაშიც, სადაც ნეაპოლელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.

„ფიორენტინამ“ გააზრებული, დალაგებული ფეხბურთით „სტადიო მარადონაზე“ მოგება დაიმსახურა. ანგარიში მე-7 წუთზე იოსიპ ბრეკალომ გახსნა. „ნაპოლის“ უჭირდა შეტევაში, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს სტანისლავ ლობოტკას დარტყმა მოჰყვა, რომელიც მეკარემ მოიგერია.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს ვიქტორ ოსიმენის გოლით გაათანაბრეს, რომელმაც პენალტი გაიტანა. თუმცა, ეს გოლი „ნაპოლის“ არაფერში წაადგა, რადგან მეორე ნახევარში „ფიორენტინა“ დაცვაში უშეცდომო იყო, შეტევაში მომაკვდინებელი: 63-ე წუთზე ჯაკომო ბონავენტურამ გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნიკო გონსალესმა და 1:3.

ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, შეტევა რამდენჯერმე ნამდვილად გაამწვავა და თანაგუნდელებმა ვერ დაუფასეს, მაგრამ თვითონ საგოლე მომენტი ერთხელ ჰქონდა, 22-ე წუთზე, როცა ვერ დაარტყა კარში. მას ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 2 პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ყველა საკუთარ მოედანზე - „ლაციოსთან“, „რეალსა“ და „ფიორენტინასთან“. „აძური“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.

„ნაპოლი“ – „ფიორენტინა“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ბრეკალო (7), 1:1 ოსიმენი (45, პენ), 1:2 ბონავენტურა (63), 1:3 გონსალესი (90)

0.113301