საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულა. „ბორჯღალოსნები“ ბოლო ტურში უელსის ნაკრებს შეხვდნენ და მარცხი განიცადეს - 19:43.
თამაში უელსის ნაკრების აშკარა უპირატესობით დაიწყო, რასაც ქართველი მორაგბეების მხრიდან შეცდომებიც დაერთო და ამით მეტოქემ კარგად ისარგებლა. შედეგად, ორი გარდასახული ლელოსა და ერთი ჯარიმით უელსის ნაკრები 17:0 დაწინაურდა. საქართველომ ჩამორჩენა ტაიმის მიწურულს შეამცირა, როდესაც მერაბ შარიქაძემ მიითვალა ლელო, ხოლო ლუკა მატკავამ ზუსტად გარდასახა და ტაიმი 7:17 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს, რასაც უელსელთა მორიგი ლელო მოჰყვა. მეორე ტაიმის შუაში კი მაისაშვილს გუნდს თამაშში საუკეთესო მონაკვეთი ჰქონდა, როდესაც ორწუთიან ინტერვალში ორი ლელო დადო. ჯერ ვანო კარკაძემ გამოიჩინა თავი, მერე დავით ნინიაშვილმა გაარღვია მეტოქის უკანა ხაზი. ორი ლელოდან მატკავამ ერთი გარდასახა და სხვაობა მხოლოდ 5 ქულა დარჩა - 19:24.
თუმცა, სწორედ გარდამტეხ მომენტში საქართველოს ნაკრებმა მობილიზება ვეღარ მოახერხა. გარდამტეხი იყო რის-ზამიტის ლელო 67-ე წუთზე, რამაც ნაკრებს შანსი პრაქტიკულად წაართვა. მერე რის-ზამიტმა კიდევ ერთი ლელო მიითვალა (მან სულ ჰეთ-თრიქი შეასრულა) და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
დარჩენილ დროში დემორალიზებულ საქართველოსთან უელსელებმა კიდევ ორი ლელო დადეს და საბოლოოდ, დამაჯერებლად მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთან (12:17) და უელსთან (19:43) წააგო, ხოლო პორტუგალიას დაუზავდა (18:18), შედეგად, C ჯგუფში 1 ფრით და 3 წაგებით მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები 2007, 2011, 2015 (2 მოგება), 2019 წლებში მინიმუმ ერთ გამარჯვებას ახერხებდა მსოფლიო თასზე, შესაბამისად, 2003 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა.
უელსი - საქართველო 43:19 (17:7)
ქულები: 5:0 ფრენსისი (16), 7:0 კოსტელოუ (17), 12:0 უილიამსი (23), 14:0 კოსტელოუ (24), 17:0 კოსტელოუ (27), 17:5 შარიქაძე (35), 17:7 მატკავა (36), 22:7 რის-ზამიტი (43), 24:7 კოსტელოუ (44), 24:12 კარკაძე (59), 24:14 მატკავა (60), 24:19 ნინიაშვილი (62), 29:19 რის-ზამიტი (67), 31:19 კოსტელოუ (69), 36:19 რის-ზამიტი (74), 41:19 ნორთი (79), 43:19 კოსტელოუ (80)
სინ-ბინი: ბაშამი (71) - ნინიაშვილი (71)
საქართველო: გოგიჩაშვილი (აბულაძე 41), მამუკაშვილი (კარკაძე 41), გიგაშვილი (აფციაური 50), ჭეიშვილი, მიქაუტაძე (ჩაჩანიძე 49), გაჩეჩილაძე (ცუცქირიძე 69), საღინაძე, ჯალაღონია, ლობჟანიძე (აფრასიძე 58), მატკავა (აბჟანდაძე 69), ნინიაშვილი, შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ხმალაძე (თაფლაძე 41)