ფეხბურთი

23:23 | 5.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ლორთქიფანიძე: "ჩემი ოცნება "ლივერპულში" თამაშია"

„კრემონეზეს“ ახალგაზრდულ გუნდში დაჩი ლორთქიფანიძე თამაშობს, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

დაჩი 18 წლისაა, რომელსაც საყრდენ ნახევარმცველად და მცველად თამაში შეუძლია. ის „კრემონეზეს“ ახალგაზრდულ გუნდსაც კაპიტნობს, რომელმაც სეზონი 3 გამარჯვებით დაიწყო. იტალიური გუნდის ვებგვერდმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- შორიდან ჩამოსული ბიჭისთვის რას ნიშნავს იტალიაში თამაში და შენი თანამემამულეები არიან შენთვის მაგალითი პროფესიონალური კარიერისთვის?

- თითქმის 5 წელია უკვე კრემონაში ვარ, ძალიან გავიზარდე და ჩემთვის ნამდვილად პატივია „კრემონეზეში“ თამაში. გამიმართლა, რომ აქ მყავს ისეთი მეგობარი, როგორიც ლუკა ლოჩოშვილია, ვისთანაც ვმეგობრობ, მაგრამ არიან სხვა ქართველებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელს კარგად წარმოაჩენენ, მაგალითად კვარაცხელია, რომელიც შარშან სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

- როგორ შეგიყვარდა ფეხბურთი? როგორც ჩანს, ოჯახური ვნებაა, რადგან ძმაც ფეხბურთელია...

- ჩემი ძმის წყალობით, პატარა რომ ვიყავი, ყოველთვის მისი მატჩების საყურებლად დავდიოდი და ძალიან მსიამოვნებდა. 4 წლის ვიყავი, რომ დავიწყე თამაში და ამ საქმის კეთება სიამოვნებას მანიჭებდა. ამიტომ ყოველთვის ვაგრძელებდი ვარჯიშს და მუშაობას ჩემი მიზნების მისაღწევად. მას თავიდან სინჯებზე „ფიორენტინაში“ დაუძახეს, შემდეგ „ბრეშაში“ წავიდა და მეც იქ გავყევი. ახლა აქ ვარ.

- 4 წლის განმავლობაში იმდენად გაიზარდე, რომ კაპიტანიც გახდი...

- საინტერესო გზა იყო. 2019 წელს, 15-წლამდელებში დავიწყე, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ პანდემიის გამო სეზონი შეჩერდა. კაპიტანი უკვე ვიყავი ბელინგერის მწვრთნელობის დროს, როდესაც 17-წლამდელებში ვიყავი და ეს დიდი პატივი იყო, მთელი სეზონი ჩავატარე და საქართველოს ნაკრებში ელიტ-რაუნდში ვითამაშე. შარშან პრიმავერაში პირველი სეზონი გავატარე და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებშიც გამომიძახეს. წელს მინდა გუნდი წარმოვაჩინო კაპიტნის სამკლაურით, რომელიც მწვრთნელმა გადმომცა და მინდა, ჩემპიონები გავხდეთ. კარგად დავიწყეთ, ყოველთვის მოედანზე მოსაგებად გავდივართ და იმედია, ასე გავაგრძელებთ.

- რამდენიმე კვირის წინ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში დებიუტიც გქონდა...

- დიახ, უკვე ვითამაშე ორი მატჩი, საიდანაც ერთი მოვიგეთ, ერთხელ ფრე ვითამაშეთ. ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან შენი ქვეყნის ნაკრებში თამაში განსხვავებულია, ვიდრე კლუბში, სადაც თანაგუნდელებთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს.

- რა არის შენი მიზანი?

- პირველი მიზანი არის „კრემონეზეს“ მთავარ გუნდში „სტადიო ძინიზე“ თამაში. სამომავლოდ მინდა ინგლისში, „ლივერპულში“ ვითამაშო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114831