ფეხბურთი

22:55 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" შესანიშნავი ქამბექი და აზაროვის 90 წუთი ჩემპიონთა ლიგაზე
"ატლეტიკომაც" "ფეიენოორდთან" დააქამბექა

დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ბელგიურ „ანტვერპენს“ 3:2 სძლია, არადა ბელგიელები პირველი ტაიმის მერე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ.

შესვენებამდე „ანტვერპენი“ შესანიშნავად თამაშობდა და 2:0-იც დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში მარკ ვან ბომელის გუნდმა სადავეები ხელიდან გაუშვა. დუბლი შეასრულა დანილო სიკანმა, ერთიც იაროსლავ რაკიცკიმ გაიტანა. მესამე და გადამწყვეტი გოლი, ბელგიელთა მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა. "ანტვერპენს" ქულის მოპოვება შეეძლო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ტობი ალდერვეირელდმა პენალტი ვერ გაიტანა - ბურთი კარს ააცილა.

90 წუთი ითამაშა ირაკლი აზაროვმა, რომელმაც პირველ საგოლე კომბინაციაში აქტიური და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლიც ითამაშა, ძალიან მაგარი პასით. არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც თადარიგში დარჩა.

„შახტარს“ 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. „ანტვერპენის“ აქტივში ქულაც არაა.

ასევე 3:2 მოიგო მადრიდის „ატლეტიკომ“ და არანაკლებ დრამატულ ბრძოლაში. დიეგო სიმეონეს გუნდი საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდთან“ ორჯერ აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ალვარო მორატას გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. მორატამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ანტუან გრიზმანმა შეაგდო, თან ძალიან ეფექტური. „ატლეტიკოს“ 4 ქულა აქვს, „ფეიენოორდს“ – 3.

„ატლეტიკო“ – „ფეიენოორდი“ 3:2 (2:2)

გოლები: 0:1 ერმოსო (7, ა.გ), 1:1 მორატა (12), 1:2 ჰანცკო (34), 2:2 გრიზმანი (45), 3:2 მორატა (47)

„ანტვერპენი“ – „შახტარი“ 2:3 (2:0)

გოლები: 1:0 მუჟა (3), 2:0 ბალიკვიშა (33), 2:1 სიკანი (48), 2:2 რაკიცკი (71), 2:3 სიკანი (76)

0.106894