ფეხბურთი

1:50 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "კარვახალთან დუელი აშკარად მოიგო"

იტალიურმა მედიამ მადრიდის „რეალთან“ მატჩში (2:3) ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გოლით და საგოლე პასით თავი ვერ გამოიჩინა, მაინც კარგი შეფასებები ერგო, რადგან აქტიურობდა.

Sportmediaset 6 ქულა - „ჟიელინსკისთან ერთად მარცხენა ფლანგს ხელმძღვანელობს კარვახალსა და ვალვერდესთან ბრძოლაში. პირველ ტაიმში მეტოქეს საფრთხე ვერ შეუქმნა, მეორე ტაიმში სიჩქარე მატულობს და ისიც მეტი აგრესიით და სისწრაფით უტევს კარვახალს - „ნაპოლიც“ უფრო სახიფათოა“.

Corriere Della Sera 6 ქულა - „დიდი მონდომება პირველ ტაიმში, ცოცხალი, მაგრამ არა გადამწყვეტი“.

Calciomercato 7 ქულა - „ყოველთვის ცდილობს სუპერმოქმედებას და ხშირად ახერხებს, როგორც ნაპოლის პირველ გოლზე მოპოვებულ კუთხურზე. კარვახალთან დუელი აშკარად მოიგო“.

Tuttonapoli 6.5 ქულა - „მეორე ტაიმში უმაღლესი დონის თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ ვერ გაიტანა გოლი შორეული დარტყმით, როდესაც თამაშში ნაპოლისთვის ყველაზე კარგი მონაკვეთი იყო“.

Eurosport 6 ქულა - „პირველ ტაიმში გამონათებები აქვს. ბურთი როცა ჰქონდა, ყოველთვის ვერტიკალურად თამაშს ცდილობდა. მეორე ტაიმში უფრო ჩართული იყო თამაშში, მაგრამ დასკვნით ფაზაში ცივსისხლიანობა აკლდა“.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს „რეალი“ 6 ქულით უდგას სათავეში, „ნაპოლის“ და „ბრაგას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „უნიონ ბერლინი“ უქულოდაა. მესამე ტურში „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება, იმავე დღეს „რეალი“ პორტუგალიაში, „ბრაგასთან“ ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს 8 ოქტომბერს, „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

0.129532