ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრაში „ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მარცხი განიცადა - 2:3.
ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, თუმცა, ნეაპოლელთა პირველი გოლი მის კუთხურს მოჰყვა.
პირველი ტაიმი „რეალის“ უპირატესობით წარიმართა და საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, „ნაპოლიმ“ პირველივე შანსი გოლად აქცია. მე-19 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კუთხური ჩააწოდა, რის შედეგადაც ნათანმა დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ლეო ოსტიგორმა გაიტანა - 1:0.
გოლმა თამაშში ვერაფერი შეცვალა. „ნაპოლი“ ისევ უკან იდგა, ხოლო „რეალი“ ბურთს აკონტროლებდა და აშკარა იყო, რომ მეტოქეს ნახევარდაცვაში აჯობა. შედეგსაც არ დაუყოვნებია, რადგან მალე ანჩელოტის გუნდმა გაათანაბრა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ჯოვანი დი ლორენცოს უხეშ შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ცუდი პასი ჯუდ ბელინგემმა ჩაუჭრა და მანაც ვინისიუსს გაატანინა, რომელმაც შორეულ კუთხეში ლამაზად დაარტყა. 7 წუთის შემდეგ ინგლისელმა ნახევარმცველმა თავად იხეირა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ჯუდმა მერამდენედ დაამტკიცა, რომ საოცარ ფორმაშია. ტაიმიც ასე დასრულდა.
სამაგიეროდ, მეორე ნახევარი ნაპოლის იყო. 54-ე წუთზე ნაჩომ საჯარიმოში ხელით ითამაშა და VAR-ის ჩარევის შედეგად პენალტი დაინიშნა, რომელიც პიოტრ ჟელინსკიმ გოლად აქცია და გაათანაბრა. 56-ე წუთზე კი, კვარაცხელიას ცოტა დააკლდა გოლამდე. ქართველმა კარვახალს აჯობა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. ერთი წუთის მერე კვარამ იმავე წერტილში იაქტიურა, კარგი პასი დაუტოვა ჟელინსკის, რომლის დარტყმა კეპამ უკუაგდო.
ანჩელოტიმ ნეაპოლელთა აქტიურობაზე კონტრზომები მიიღო და თამაშში ლუკა მოდრიჩი ჩართო, რამაც „რეალს“ უპირატესობის დაბრუნებაში ხელი შეუწყო და ესპანელებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს. 78-ე წუთზე კი წინაც გავიდნენ. 30 მეტრიდან ფედერიკო ვალვერდემ ძალიან ძლიერად დაარტყა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, მერე ალექს მერეტს და კარში აღმოჩნდა - 2:3.
აღსანიშნავია, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიას 90 წუთით თამაშის საშუალება პირველად მისცა.
ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს „რეალი“ 6 ქულით უდგას სათავეში, „ნაპოლის“ და „ბრაგას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „უნიონ ბერლინი“ უქულოდაა. მესამე ტურში „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება, იმავე დღეს „რეალი“ პორტუგალიაში, „ბრაგასთან“ ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს 8 ოქტომბერს, „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.
„ნაპოლი“ – „რეალი“ 2:3 (1:2)
ნეაპოლი, „სან პაოლო“
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგორი, ნათანი, ოლივერა (მარიო რუი 88); ანგისა (სიმეონე 88), ლობოტკა (კაიუსტე 88), ჟელინსკი (რასპადორი 75); პოლიტანო (ელმასი 70), ოსიმენი, კვარაცხელია
მწვრთნელი: რუდი გარსია
„რეალი“ (4-3-1-2): კეპა; კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, კამავინგა (მენდი 64); კროოსი (მოდრიჩი 64), ჩუამენი, ვალვერდე; ბელინგემი; როდრიგო (ხოსელუ 75), ვინისიუსი (სებალიოსი 84)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 1:0 ოსტიგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ჟელინსკი (54), 2:3 მერეტი (78, ა.გ)
გაფრთხილება: ნათანი (45) - კამავინგა (29), ბელინგემი (70), კეპა (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 19 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 9:9 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)
1. | რეალი | 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 2 | 2 | 6 |
2. | ნაპოლი | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 4 | 0 | 3 |
3. | ბრაგა | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 4 | 0 | 3 |
4. | უნიონ ბერლინი | 2 | 0 | 0 | 2 | 2 | 4 | -2 | 0 |
სხვა მატჩებს რაც შეეხება: სენსაციური მარცხი განიცადა ლონდონის "არსენალმა", რომელიც "ლანსთან" ვერაფერს გახდა, მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელ ჟეზუშის გოლით იგებდა. მერე ფრანგებმა ორი გოლი გაიტანეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ამავე ჯგუფში პსვ ეინდჰოვენი და "სევილია" დაზავდნენ. ესპანელები ორჯერ იგებდნენ და ახლოს იყვნენ 3 ქულასთან, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ.
პსვ ეინდჰოვენი - სევილია 2:2 (0:0)
გოლები: 0:1 გუდელი (68), 1:1 დე იონგი (84, პენ), 1:2 ენ ნესირი (87), 2:2 ტეზე (90)
„ლანსი“ – „არსენალი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (14), 1:1 ტომასონი (25), 2:1 ვაჰი (69)
1. | ლანსი | 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 2 | 1 | 4 |
2. | არსენალი | 2 | 1 | 0 | 1 | 5 | 2 | 3 | 3 |
3. | სევილია | 2 | 0 | 2 | 0 | 3 | 3 | 0 | 2 |
4. | პსვ ეინდჰოვენი | 2 | 0 | 1 | 1 | 2 | 6 | -4 | 1 |
ძალიან გაუჭირდა მოგება მიუნხენის "ბაიერნს", რომელიც დანიურ "კოპენჰაგენთან" აგებდა, მერე თამაში დაატრიალა, მაგრამ ბოლო წუთზე სვენ ულრაიხმა იხსნა და მაინც მოიგო. თუმცა, "ბაიერნის" წვალება არაფერია იმასთან, რაც "მანჩესტერს" დაემართა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" გალათასარაისთან" დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ რასმუს ჰოილუნის გოლებით ორჯერ იგებდა. "მანჩესტერს" ქულა არ აქვს, რაც პირველად დაემართა ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის მერე. ამას თუ დავუმატებთ, რომ პრემიერლიგაში 7 ტურში 4-ჯერ დამარცხდა, სიტუაცია მართლაც კატასტროფულია.
1. | ბაიერნი | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 4 | 2 | 6 |
2. | გალათასარაი | 2 | 1 | 1 | 0 | 5 | 4 | 1 | 4 |
3. | კოპენჰაგენი | 2 | 0 | 1 | 1 | 3 | 4 | -1 | 1 |
4. | მანჩესტერი | 2 | 0 | 0 | 2 | 5 | 7 | -2 | 0 |
„კოპენჰაგენი“ – „ბაიერნი“ 1:2 (0:0)
გოლი: 1:0 ლერაგერი (56), 1:1 მუსიალა (67), 1:2 ტელი (83)
„მანჩესტერი“ – „გალათასარაი“ 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 ჰოილუნი (17), 1:1 ზაჰა (23), 2:1 ჰოილუნი (67), 2:2 აკტურკოღლუ (71), 2:3 იკარდი (81)
მოიგო მილანის "ინტერმა", რომელმაც "ბენფიკას" მარკუს ტურამის გოლით დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. პორტუგალიელმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მაგრად ითამაშეს, მაგრამ ახლა უქულოდ არიან და რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.
„ინტერი“ – „ბენფიკა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ტურამი (62)
1. | სოსიედადი | 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 1 | 2 | 4 |
2. | ინტერი | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | 1 | 4 |
3. | ზალცბურგი | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 2 | 0 | 3 |
4. | ბენფიკა | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 3 | -3 | 0 |