ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17 საათზე გ ჯგუფის ლიდერ უელსთან ნანტში გამართავს.
უელსმა სამივე განვლილი თამაში მოიგო, 14 ქულა მოაგროვა და ავსტრალიას, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა 3, ხოლო ფიჯის 4 ქულით უსწრებს. ფიჯი დასკვნით ტურში პორტუგალიას ეთამაშება და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ექნება. შესაბამისად, „დრაკონებს“ საქართველოსთან მინიმუმ 2 ქულის მოპოვება ჭირდებათ, რათა მეოთხედფინალში გარანტირებულად პირველი ადგილით გავიდნენ.
ბორჯღალოსნებს სამი თამაშიდან 3 ქულა აქვთ – ფრე პორტუგალიასთან და ნუგეში ფიჯისთან. გუნდი ტრავმების გამო ურთულეს სიტუაციაშია. მსოფლიო თასის მსვლელობისას 33-კაციან შემადგენლობას ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე, მირიან მოდებაძე, ლაშა ჯაიანი და თენგიზ ზამთარაძე გამოაკლდა. მომავალ შეხვედრას ტოვებს ლუკა ივანიშვილი. ტრავმირებულები არიან გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი.
საქართველოს უელსთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. მეტოქემ მოიგო პირველი სამი რკენა – 2017 წელს კარდიფში 13:6; 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე 43:14 და 2020 წელს ჰლანეჰლიში 18:0. ბოლოს უელსს 2022 წელს კარდიფში ვერკინეთ და ტიერ1-ის გუნდთან მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ, პირველი გასვლით მატჩში – 13:12. ბორჯღალოსნებმა ამ ოთხ თამაშში ჯამში გაიტანეს 3 ლელო და 33 ქულა, თავად კი 11 ლელო და 86 ქულა მიიღეს.
მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში საქართველომ უელსი დაამარცხა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და გუნდის სათავეში გამოცდილი უორენ გეთლანდი დაბრუნდა, რომელიც უელსს 2007-2019 წლებში თავკაცობდა და გუნდის არაერთი წარმატების შემოქმედი გახდა. გეთლანდის თავკაცობით „დრაკონებმა“ სამი მსოფლიო თასი ითამაშეს და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავეს.
მოცემული მომენტისთვის უელსი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზეა (83,17), საქართველო კი მე-13 პოზიციაზეა (72,68).
RUGBY.GE