ფეხბურთი

21:47 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "კვარაცხელია და ოსიმენი ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებენ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზეც ისაუბრა და ორივე მათგანი შეაქო.

„კვარაცხელია და ოსიმენი შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. წინა პლანზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვიდნენ, აჩვენებენ ისეთ ხარისხს, რომ ნებისმიერ გუნდში შეუძლიათ მაღალ დონეზე ყოფნა. კარგად თამაშობენ, თამაშობდნენ და ითამაშებენ, რადგან ორივე დიდი ტალანტია. კვარა ერთი-ერთზე ძალიან კარგია, ოსიმენი ძლიერი, მობილური და ძალიან სახიფათო ფორვარდია.

იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშებთ, რომელსაც ინდივიდუალურად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. რთული მატჩი იქნება და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ჟირონასთან“. ბელინგემი გუნდს კარგად მოერგო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოში საუკეთესოა თუ არა, ჩემთვის ჩემი ყველა ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა.

მოდრიჩი? მან ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და მადრიდულ დერბიში. ნახევარდაცვაში კონკურენცია მაღალია, შეიძლება ვიღაცა სკამზე დარჩეს. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ერთმანეთს პატივს ვცემთ, ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. არ შეცვლილა გუნდში მისი როლი. ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც დღითიდღე შეიძლება შეიცვალოს. ამაზე ყოველ პრესკონფერენციაზე მეკითხებიან.

შემადგენლობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. დაცვაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან თუ გოლებს არ გავუშვებთ, მეტი შანსი გვექნება მოგებისთვის.

ნეაპოლში დაბრუნება წარსულში დაბრუნებას ჰგავს. აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება, იყო კარგი და ნაკლებად კარგი მომენტები, საოცარ ქალაქში ვცხოვრობდი. დე ლაურენტისი? ყველასთან დადებითი ურთიერთობა მაქვს, აზრი არ აქვს ამ თემას დავუბრუნდე. როდესაც კლუბსა და მწვრთნელს შორის კარგი ურთიერთობა არაა, უმჯობესია ის შეწყვიტო. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, როგორც კლუბისთვის, ისე ჩემთვის.

დი ლორენცო? ძნელი წარმოსადგენი იყო მაშინ, რომ ამ დონეზე ითამაშებდა და ევროპის საუკეთესო მცველებში მოხვდებოდა. პროფესიონალია და აჩვენებს თავის კლასს. კამავინგას მცველობას ნახევარმცველად თამაში ურჩევნია? მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში, მაგრამ თუ ჰკითხავთ სათადარიგო სკამზე ყოფნა სურს თუ მცველად თამაში, ის გიპასუხებთ, რომ მცველად თამაში უნდა. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ორი მარცხენა მცველი გვყავს ფრან გარსია და მენდი“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „რეალს“ პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ, მათი დაპირისპირება კი, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.106593