ფეხბურთი

17:04 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარაცხელიამ თავდაჯერება დაიბრუნა და მოედანზე ბედნიერია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.

„მან გოლი გაიტანა და გონებით უფრო მშვიდია. გოლმა მოედანზე უფრო ბედნიერი გახადა. ის უნიკალური ფეხბურთელია, მეტოქეს ატყუებს, მაგრამ გოლზე ბევრს ფიქრობდა, რომელიც მარტიდან მოყოლებული აკლდა“, - თქვა გარსიამ კვარაცხელიაზე.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა რასაკვირველია „რეალთან“ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა:

„ეს ყველაზე ლამაზი საკლუბო ტურნირია, მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენ, დიდ ენერგიას გრძნობ და ეს გარწმუნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ხარ. უკვე ვთქვი, რომ „ნაპოლი“ არის კლუბი, რომელიც აქ ყოველ წელს უნდა თამაშობდეს. „რეალი“ ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, უნიკალური წარმატებებით, ბოლო 10 სეზონში 5-ჯერ მოიგო ეს ტურნირი, მათ შორის ბოლოს, ორი წლის წინ მწვრთნელთან ერთად, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ (ანჩელოტი - რედ). რთული მატჩი იქნება, მაგრამ გვაქვს ამბიცია, რომ გამარჯვებისთვის ვითამაშოთ.

ბენზემას წასვლის მიუხედავად „რეალი“ ძლიერია, ისეთი ფეხბურთელი დაიმატეს, როგორც ბელინგემია, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა პოზიციაზე თამაშობს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ერთ ფეხბურთელზე, არამედ მთელ გუნდზე. მოგების ამბიცია გვექნება და ჩვენი თვისებების 120% უნდა გამოვავლინოთ.

როდესაც პირველ ორ თამაშს იგებ, ვერ იტყვი, რომ სეზონი ცუდად დაიწყე. გვქონდა ბურთის ფლობა, კარისკენ ბევრი დარტყმა, მხოლოდ გოლის გატანა იყო საჭირო, რაც გამოსწორდა. ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ჯგუფში პირველი ადგილისთვის მატჩია. მნიშვნელოვანი იყო პირველი ტურის მატჩის მოგება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამარჯვება ადვილი არასდროსაა. ვიცით მეტოქის ძალა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.

შევისწავლეთ მეტოქე, ბიჭებს ვაჩვენეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მსოფლიოს ყველა გუნდს აქვს არა მხოლოდ ძლიერი, არამედ სუსტი მხარეები, ასევე ჩვენც. თუმცა, ჩვენი ორიენტირებულები ვართ ჩვენს თამაშზე, ჩვენს თვისებებზე, თავდაჯერებულობაზე. არ არის საჭირო ყოველ წუთს ვისაუბროთ „რეალის“ სიდიადეზე, ეს ისედაც ვიცით. დეტალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან დიდი მატჩების ბედი სწორედ დეტალებით წყდება“, - თქვა გარსიამ.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა პრესკონფერენციამდე ტელეკომპანია Sky Sport-საც მისცა კომენტარი, სადაც ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზე:

„ყველა სიტუაციაში ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩვენთვის არაფერი იყო კატასტროფული, ფეხბურთელები თავის სათამაშო დონეზე გვიბრუნდებიან, მაგალითად, კვარა, რომელმაც შეძლო გოლის გატანა და ახლა შესანიშნავად თამაშობს, რადგან თავდაჯერება დაიბრუნა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმის გათვალისწინებით, რომ სერია A-ში ორ გუნდს 4 ქულით ჩამოვრჩებით“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „რეალს“ პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვთ, მათი დაპირისპირება კი, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.116337