„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ვერონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე საბა საზონოვზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ ერთი თვის განმავლობაში საბამ მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და განსაკუთრებით გამოყო საქმისადმი მისი დამოკიდებულება.
„როგორც სხუურსში იყო მნიშვნელოვანი, ამ ბიჭშიც არის მისი მიდრეკილება მუშაობისა და სწავლისადმი, მას ეს აქვს. ყოველდღე ვაყურებინებთ ვიდეოებს, ხედავს რა გააკეთა კარგად, რა იყო ცუდი. ვფიქრობ, რომ ამ 3-4 კვირაში მან კარგი განცდები დამიტოვა, როგორც ეს იყო სხუურსის შემთხვევაში.
ბევრი აქვს სამუშაო ფეხით თამაშში, სისწრაფეზე, მაგრამ „ლაციოსთან“ უკვე ვნახე კარგად გაკეთებული რაღაცები, რასაც მანამდე არასწორად აკეთებდა. საძირკველი ყოველთვის უნდა იყოს საქმისადმი მიდრეკილება, რაც მას აქვს. საზონოვს კარგა ხანს ვაკვირდებოდით. ხვალ თუ ითამაშებს? შეუძლია თამაში“, - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, საბა საზონოვმა „ტორინოს“ მაისურით პირველად „ლაციოსთან“ ითამაშა. იურიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ალესანდრო ბონჯორნო დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს, ასე რომ, ქართველ მცველს უახლოეს პერიოდში თავის გამოჩენის შანსი ექნება.