რაგბი

21:41 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ფიჯისთან ბევრი იბრძოლა, მაგრამ წააგო...

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში ფიჯის ნაკრებთან ბევრი იბრძოლა, არაფერი დათმო, მაგრამ მაინც დამარცხდა, დრამატულ ბრძოლაში 12:17.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და ზოგადად, პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქესაც აჯარიმებდა, რამაც შედეგი გამოიღო.

ანგარიში ლუკა მატკავას ჯარიმით გაიხსნა, მერე კი დავით ნინიაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა ჯარიმა, რითაც „ბორჯღალოსნები“ 9:0 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ლევან მაისაშვილის გუნდმა ლელოც დადო, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. გადამწყვეტ მომენტში ნინიაშვილის მხრიდან წინ პასი დაფიქსირდა, არადა, ჩინებული შეტევა იყო, რითაც ანგარიში კიდევ უფრო კომფორტული სხვაობის ხდებოდა.

სამწუხაროდ, მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება შეიცვალა. არადა, ეს ტაიმიც საქართველოსთვის პოზიტიურად დაიწყო, რადგან სამი რადრადრა 10-წუთიან სინბინში გაუშვეს, მაგრამ ეს უპირატესობა ქართველმა მორაგბეებმა ვერ გამოიყენეს. მერე ფიჯის ნაკრებმა იპოვა თავისი თამაში, რომელმაც ჯერ გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მერე ჯარიმით დაწინაურდა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი გარდასახული ლელოთი უპირატესობა გაზარდა - 17:9.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, ბოლო წამამდე ჰქონდა თამაშის მოგების შანსი, რადგან მე-80 წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მერე კი მაისაშვილის გუნდი შეტევაში წავიდა და იყო ლელოს დადების შანსიც, მაგრამ ფიჯელებმა თავი დაიცვეს და 17:12 მოიგეს. "ბორჯღალოსნებმა" დამამშვიდებელი ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ტურის შემდეგ ისევ მოგების გარეშეა, 3 ქულა აქვს (1 ფრე, 2 წაგება), ბოლო შეხვედრას კი 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია.

ფიჯი - საქართველო 17:12 (0:9)

ქულები: 0:3 მატკავა (6), 0:6 ნინიაშვილი (20), 0:9 ნინიაშვილი (32), 5:9 ნაიაჩალევუ (52), 7:9 ლომანი (53), 10:9 ლომანი (66), 15:9 ჰაბოსი (69), 17:9 ლომანი (70), 17:12 მატკავა (80)

0.119431