ფეხბურთი

21:06 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლეჩეს" მწვრთნელი: "როდესაც ხედავ კვარაცხელია დაცვას ასე ეხმარება, ეს ყველაფერზე მეტყველებს"

„ლეჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „ნაპოლისთან“ მატჩის (0:4) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას ხარისხი აქვთ, რომელმაც დიდებული საგოლე პასი გააკეთა.

დ’ავერსამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ხვიჩა დაცვაში გუნდს ეხმარებოდა, რაც ყველაფერზე მეტყველებს:

„როდესაც ნაპოლისნაირ გუნდს ეთამაშები, თუ შეცდომებს დაუშვებ და გოლსაც ვერ გაიტან, ასეთ შედეგს მიიღებ. ნეაპოლელებს აქვთ კვარას ხარისხი, რომელმაც შორეულ ძელთან ოსიმენს დიდებული პასი გაუკეთა. დასანანია, რომ ეს გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

„ნაპოლის“ ჰქონდა შარშანდელი სულისკვეთება, რამაც ჩემპიონატი მოაგებინა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო კვარაცხელია, რომელიც 1:0-ზე ჟონდრის ბურთის დასაბრუნებლად 50 მეტრი სდია და ეს ყველაფერზე მეტყველებს. 0:4 წავაგეთ, უნდა გავჩუმდეთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ“, - თქვა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ აქტივში. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 ოქტომბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ასევე შინ დაუპირისპირდება (3 ოქტომბერს).

0.112786