ზურაბ ხიზანიშვილი, გლაზგოს “რეინჯერსის” და “დანდის” ყოფილი მცველი, იმედგაცრუებულია. მას არ მიეცა შანსი ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრის ჩატარებისა. ზურას ასევე სურდა შოტლანდიასთან შაბათის შეხვედრაში დახმარებოდა ეროვნულ ნაკრებს.
2001-2002 წლების სეზონში თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი შოტლანდიის ჩემპიონატის კლუბ “დანდიში” თანაგუნდელები იყვნენ.
33 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის “დინამოში” თამაშობს, თემურ ქეცბაიამ უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში, პარიზში, საფრანგეთის წინააღმდეგ ათამაშა.
ხიზანიშვილი, რომელმაც 2005 წელს გლაზგო “რეინჯერსთან” ერთად შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ნაკრებში თამაშის სურვილი არ აქვს.
“მე დავასრულე თემურ ქეცბაიასთან მუშაობა, მაგრამ სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია. ჩემი გული ეკუთვნის სამშობლოს და ყოველთვის მზად ვიქნები ჩავიცვა ნაკრების მაისური. ვოცნებობ ნაკრებში ჩავატარო 100 მატჩი. ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა ნაკრები, რადგან მწვრთნელმა მოთამაშეები ღიად გააკრიტიკა.
ჩვენ დავამარცხეთ ხორვატია, რამდენიმე თვის შემდეგ კი ქეცბაიამ ფეხბურთელების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. მან თქვა, რომ გუნდში არ ჰყავდა მესი და ნაკრების წევრები დაბალი დონის მოთამაშეები იყვნენ”, - ამბობს მცველი.
ხიზანიშვილმა შოტლანდიური კარიერა 2001 წელს დაიწყო, რასაც მოჰყვა წარუმატებელი მცდელობები ინგლისურ კლუბებში, “არსენალში,” “ვესტ ჰემსა” და “ფულემში”, გადასვლისა.
“დანდიში” გადმოსვლა ფანტასტიკური იყო. გიორგი ნემსაძე უფროს ძმასავით მექცეოდა, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს თბილისში ვიყავი. “დანდიში” ჩასვლის შემდეგ პირველი ორი თვე გიოსთან ვცხოვრობდი”, - იხსენებს ხიზანიშვილი.
“დენს პარკზე” ხიზანიშვილი არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშის კლაუდიო კანიჯას თანაგუნდელი გახდა: “ვიყავი 14 წლის და ვუყურებდი მუნდიალს. თამაშობდა კლაუდიო კანიჯა და მის გვერდით იყო დიეგო მარადონა. რამდენიმე წლის შემდეგ კანიჯა და მე თანაგუნდელები გავხდით. დაუჯერებელი იყო.”
ხიზანიშვილმა “დანდი” 2003 წელს დატოვა და “რეინჯერსში” გადავიდა. ორი სეზონი თამაშობდა ალექს მაკლიშის გუნდში, შემდეგ კარიერა “ბლექბერნში” განაგრძო: “ცოტა მატჩი ჩავატარე “რეინჯერსის” მაისურით, ამიტომ როცა ინგლისური კლუბის შემოთავაზება მივიღე, გაკვირვებული დავრჩი, არ ველოდი. მათი ინტერესი მოულოდნელი იყო. პრემიერლიგაში თამაშით ოცნება ავისრულე, თუმცა ბედნიერი ვიქნებოდი, “რეინჯერსში” 10 წელი მეთამაშა”.
მატჩების სიმცირის მიუხედავად ხიზანიშვილი კარგად იხსენებს დროს, როცა მას მაკლიში ავარჯიშებდა: “იყვნენ გამორჩეული მწვრთნელები, რომლებიც მახსენდება კარგად, მაგრამ ალექს მაკლიში იყო განუმეორებელი, ბრწყინვალე ფსიქოლოგი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთიერთობისას”.
www.pressandjournal.co.uk