ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, პირველობის საწყის 2 ტურში გასული სეზონის მოწინავე კვარტეტმა ყველა შეხვედრა მოიგო. სატურნირო ცხრილის სათავეში ‘ლელო’ და ‘ბათუმი-1’ რჩებიან. ჩემპიონმაც და აჭარლებმაც მაქსიმალურ, 10 ქულას მოუყარეს თავი. ლიდერებს 9 ქულით კვალში ‘აია’ და ‘აკადემია’ უდგანან. ჯგუფის დარჩენილი ოთხეული კი მოუგებლად იმყოფება. თითო ნუგეშ-ქულა ‘ყოჩებმა’ და ‘არმიამ’ გამოიმუშავეს, უქულოდ მყოფნი ‘ხარები’ და ‘აია-1’ კი ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე განთავსდნენ. პირველობის დებიუტანტ, რიონისპირელთა მეორე გუნდს ჯერ სამატჩო ქულებიც არ აუღია.
‘ლელომ’ მესამე მასივში ‘არმიას’ უმასპინძლა. ჩემპიონი უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა, რომელსაც შემდგომში მეთოდურად ავითარებდა. პირველ ნახევარში „არმიელებს“ ლელო კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ და ბურჯმა ნიკა აფციაურმა დაუდეს. ზურა ხორბალაძეს მარქაფამაც გაუმართლა. მეორე ტაიმში ლელოს გატანა მარბიელმა ლუკა დოლბაიამ და შეცვლაზე შესულმა ბურჯებმა: დაჩი ჭელიძემ და შავლეგ ტაბატაძემ მოახერხეს. ‘არმია’ ბოლომდე იბრძოდა და „გაწითლებულ“ დროში მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა გურამ ოდიკაძემ პრესტიჟის ლელოს გატანა შეძლო – 31:7.
‘ბათუმი-1’ აჭარის დედაქალაქში ‘ყოჩებს’ დაუხვდა. თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებმა 5 გატანილი ლელოთი საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში მოამთავრეს. ‘ბათუმმა’ მეორე ტაიმიც აღმავლობით ჩაატარა და მონაგარს კიდევ 3 ლელო წაუმატა, ‘ყოჩები’ კი მთლიანობაში ტაიმებში გატანილ თითო ლელოს დააჯერა – 54:10. მასპინძელთა კვაჭმა გიორგი ირემაძემ და მარბიელმა თამაზ დუმბაძემ „დუბლი“ გაიფორმეს. ბათუმელთა ფრთა მათე თავდგირიძე კი დადებული ლელოთი და 5 ზუსტად შესრულებული გარდასახვით შეხვედრის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქცა.
„აია არენაზე“, ‘აია’-‘ხარების’ შეხვედრაც აჭარული მატჩის მსგავსი სცენარით წარიმართა. რიონისპირელებმა თავიანთი საგრძნობი უპირატესობა 7 გატანილ ლელოში ასახეს, ქვემო ქართლელებს კი ტაიმებში თითო ლელოს დადების შესაძლებლობა მისცეს. ‘აიას’ მარბიელმა ლუკა ნარსიამ და კვაჭმა ილია ჯანგავაძემ „დუბლი“ შეასრულეს. მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა და ჰავბეკმა თეიმურაზ ძოძუაშვილმა კი 5 გარდასახვა გამოიყენა – 47:10.
მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრაც „აია არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს ‘აია-1’ და ‘აკადემია’ დაუპირისპირდნენ. ფავორიტი ‘აკადემია’ სრულად აკონტროლებდა შეხვედრას და მასპინძლებს ტაიმებში 2-2 უპასუხო ლელო დაუდო. პირველ ნახევარში ლელო „მხატვართა“ მხტომელმა ტატო ბესელიამ და კაპიტანმა ფრთა სანდრო გორდეზიანმა გაიტანეს. მეორე ტაიმში კი თავი მარქაფადან ჩართულებმა: შუამარბმა გიორგი მელიამ და ბურჯმა გიორგი კორძაძემ გამოიჩინეს – 24:0.
RUGBY.GE