ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალმერიას“ დაუზავდა და სეზონში პირველი ფრე ითამაშა.
რუბენ ბარახას გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ უფრო მეტად მოგებას მასპინძლები იმსახურებდნენ და უფრო მეტადაც შეეძლოთ.
„ღამურებმა“ ტაიმი დიეგო ლოპესის გოლით მოიგეს, მეორე ტაიმის სტარტზე კი სერხიო არიბასმა გაათანაბრა, რასაც ხავი გერამ მალევე უპასუხა. თუმცა, 5 წუთში ანგარიში ისევ გათანაბრდა - დუბლი შეასრულა არიბასმა.
გიორგი მამარდაშვილს გოლებში ბრალი არ აქვს: ორივე შემთხვევაში მან რთული დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე არიბასმა ორჯერვე ცარიელ კარში შეაგდო. ქართველმა მეკარემ მთლიანობაში 8 სეივი მიითვალა, რაც ცხადია, ერთი მატჩისთვის ძალიან ბევრია. მოკლედ, გიორგიმ მოპოვებულ ქულაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლი გაუშვა.
მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 6 მატჩში ორჯერ აქვს კარი მშრალად შენახული და 6 გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა. რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს.