საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა თურქეთის ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებით ამაყობს, რადგან ისინი მოედანზე ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ.
"თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა თურქეთის ნაკრები ძლიერი და ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, გვქონდა შანსები და სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან. ვიცით, რომ ნაბიჯ-ნაბით უნდა განვვითარდეთ. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. მართალია, წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მოედანზე რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.
სამ დღეში ლუქსემბურგთან გვაქვს რთული თამაში და ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ. განსხვავებული თამაში იქნება, მეტოქეს ძლიერი შეტევა ჰყავს და თავს თუ კარგად დავიცავთ, მოგების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი სურვილი ყოველთვის გამარჯვების მოპოვებაა", - თქვა ანტმანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 26 სექტემბერს, სტუმრად ლუქსემბურგს შეხვდება, რომელმაც ამ ტურში ლიეტუვას 2:0 აჯობა.