პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ სამ მატჩში სამი გოლი გაუშვა - გვამცნობს სტატისტიკურ ანალიტიკური პორტალი OptaJoe.
ბოლოს ასეთი რამ „წითელ ეშმაკებს“ 1978 წლის დეკემბერში დაემართათ, როდესაც გუნდს დეივ სექსტონი წვრთნიდა.
მანკუნიანელებისთვის უსიამოვნო სერია ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში „არსენალთან“ მარცხით (1:3) დაიწყო. შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა იმავე ანგარიშით მე-5 ტურში „ბრაიტონთან“ წააგო, წინა დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში „ბაიერნთან“ დამარცხდა (3:4).
დღეის მდგომარეობით, „მანჩესტერი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული პირველი ხუთი მატჩიდან ექვსი ქულა მოაგროვა.