ფეხბურთი

21:56 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში: "დინამო ბათუმმა" "დილას" აჯობა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ გორის „დილას“ 3:1 მოუგო.

ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგა ცხადია, ანდრეი დემჩენკო იყო, რომელიც გორში დაბრუნდა. უკრაინელმა სპეციალისტმა თავის ყოფილ გუნდთან მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

ბათუმელებმა საწყის 15 წუთში მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა. ანგარიში გიორგი წიტაიშვილმა გახსნა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა „დინამოში“, ხოლო მალევე მას მიბაძა ლევან ხარაბაძემ და სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მთლიანობაში, აჭარლებმა საკმაოდ მარტივად გაიმარჯვეს.

„დინამო ბათუმმა“ 55 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „დინამო თბილისს“ 7 ქულით უსწრებს, რომელსაც მომდევნო ტურში შეხვდება, ხოლო გორის „დილამ“ ბოლო 4 ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა და 41 ქულით მეხუთე საფეხურზეა.

„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 წიტაიშვილი (2), 0:2 ხარაბაძე (14), 0:3 ღუდუშაური (58), 1:3 სარდალიშილი (80)

0.131621