დონეცკის „შახტარის“ მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა „პორტუსთან“ მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მეტოქის სწრაფი ტემპისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდნენ.
„ვერ შევძელით ისე გვეთამაშა, როგორც გვინდოდა, პირველი ტაიმის მერე 1:3-ს ვაგებდით, მეორე ნახევარში კი ცოტა უკეთ ვითამაშეთ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მოვემზადოთ მომდევნო მატჩებისთვის. ველოდით, რომ „პორტუ“ ასე ითამაშებდა, ვემზადებოდით. დღეს უფრო სწრაფად ითამაშეს, ტემპი გაზარდეს, ამისთვის კი მზად არ ვიყავით.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ვიცით, რა სიტუაციაა უკრაინაში, მაგრამ ხალხი მაინც მოდის სტადიონზე და მხარს გვიჭერს. თავს სახლში ვგრძნობდით. რა გვითხრა მწვრთნელმა? ყველაფერი წინაა, ბევრი თამაში დაგვრჩა.
„შახტარში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი ადაპტაცია ძალიან სწრაფად წარიმართა, ეს ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა. „შახტარი“ ოჯახია, ამიტომ, მინდა ტიტული „შახტართან“ ერთად მოვიგო“, - თქვა გოჩოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა 76-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ირაკლი აზაროვი მოედანზე მანამდე, 65-ე წუთზე გამოჩნდა. ორივესთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი იყო.