ჭიდაობა

22:23 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილის ბრინჯაო და ოლიმპიადის ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატზე

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის მედლით დასრულდა - გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

97 კგ წონით კატეგორიაში მაჭარაშვილმა კვალიფიკაციაში ჩრდილომაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი ბოლო წამებზე მოპოვებული ქულებით 5:4 დაამარცხა, მერვედფინალში ბულგარელ აჰმედ ბატაევს 4:3 აჯობა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ალიშერ იერგალის 2:0 სძლია, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვთან, რომელსაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში აჯობა, ამჯერად მარცხი განიცადა - 0:6. ბრინჯაოს მედლისთვის გივიმ თურქი იბრაჰიმ ჩიფტჩი უშანსოდ, 6:2 დაამარცხა.

მან ბრინჯაოს გარდა, პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით გამოვიდა, 4 მედალი მოიპოვა - 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ცუდი ისაა, რომ გამოსვლა მათ ოქროს გარეშე დაასრულეს.

ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს გენო პეტრიაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ, ხოლო ბრინჯაოები შოთა ფარტენაძემ და გივი მაჭარაშვილმა. 6 ოლიმპიური წონითი კატეგორიიდან ორში შეძლო საქართველომ ლიცენზიის აღება - 97 და 125 კგ წონით კატეგორიებში, მაჭარაშვილის და პეტრიაშვილის დამსახურებით.

საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით აშშ-ს და ირანისა შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. ახლა საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, რომლებიც ბელგრადში 21-24 სექტემბერს იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141667