ფეხბურთი

22:45 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" მოიგო, საზონოვის დებიუტი ისევ არ შედგა

სერია A-ს მეოთხე ტურში „ტორინომ“ სტუმრად „სალერნიტანას“ 3:0 მოუგო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. საბა საზონოვის დებიუტი ისევ არ შედგა, ქართველი მცველი ამჯერადაც 90 წუთი სათადარიგო სკამზე იყო.

რეალურად, საბას ძალიან გაუჭირდება „ტორინოს“ სასტარტოში დამკვიდრება, მიუხედავად იმისა, რომ ივან იურიჩი 3 ცენტრალური მცველით თამაშობს. ტურინელთა სასტარტოში ადგილი სამ ცენტრალურ მცველს მყარად აქვს დამკვიდრებული.

რიკარდო როდრიგესი გუნდის კაპიტანია, ალესანდრო ბონჯორნო (მან დღეს გოლიც გაიტანა), ვიცე-კაპიტანი, პერს სხურსი „ტორინოს“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი და ყველაზე დიდი აქტივი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მათი კონკურენციის გადალახვა ადვილი მართლაც არ იქნება. აღსანიშნავია, რომ საზონოვი რეალურად ბონჯორნოს შემცვლელად იყიდეს, რომლის ტრანსფერი „ატალანტაში“ გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საზონოვის ტრანსფერიდან მეორე დღეს, იტალიის ნაკრების კანდიდატმა „ატალანტაში“ ტრანსფერზე უარი თავად თქვა, „ტორინოს“ გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან და მინდა ჩემს საყვარელ გუნდში ვითამაშოო.

სეზონი გრძელია, იურიჩს როტაცია მოუწევს, მაგრამ მის განკარგულებაში სხვა მცველებიც არიან. ფაქტია, რომ სხურსი-ბონჯორნო-როდრიგესის ტრიო ახლა ხელშეუხებელია...

„ტორინოს“ ოთხ ტურში 7 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, „რომას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124454