ჭიდაობა

19:20 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილს (97 კგ) ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

მაჭარაშვილმა კვალიფიკაციაში ჩრდილომაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი ბოლო წამებზე მოპოვებული ქულებით 5:4 დაამარცხა, მერვედფინალში ბულგარელ აჰმედ ბატაევს 4:3 აჯობა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ალიშერ იერგალის 2:0 სძლია, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვთან, რომელსაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში აჯობა, ამჯერად მარცხი განიცადა - 0:6.

მაჭარაშვილი 19 სექტემბერს, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს და გამარჯვების შემთხვევაში მედალთან ერთად ოლიმპიადის საგზურსაც მოიპოვებს.

დღესვე, 65 კგ წონით კატეგორიაში ედემი ბოლქვაძემ იჭიდავა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა და ჯერჯერობით, ოლიმპიადის ლიცენზიაც ვერ მოიპოვა. ბოლქვაძემ პირველ წრეში ეთან ტომაპას აჯობა, მაგრამ მერე მაქსიმ საცულთან წააგო, რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველს რეპეშაჟის შანსიც დაეკარგა.

რეპეშაჟში იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), რომელმაც თავიდან უზბეკი ბეკზოდ აბდურახმონოვი 10:4 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ირანელ იონეს ალიახბარ ემამიჩოგაეისთან 0:10 წააგო და მედლისთვის ბრძოლა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის თითო ვერცხლის (გენო პეტრიაშვილი) და ბრინჯაოს (შოთა ფარტენაძე) მედალი აქვს აქტივში. დღეს, ფინალში იასპარეზებს ვლადიმერ გამყრელიძე, ხოლო მირიან მაისურაძე ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

0.124833