იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც მის პრობლემურ პერიოდსა და რუდი გარსიას შეცვლებზეა საუბარი.
მაურიციო ნიჩიტა თავის ვრცელ სტატიაში წერს, რომ კვარა ზრდილობიანი ბიჭია, ფაქტობრივად ჯარისკაცი, ამიტომაც, „ჯენოასთან“ მისი ჟესტი კიდევ უფრო სენსაციური იყო.
„პრობლემა იმდენად შეცვლები კი არ არის, არამედ მოტივი, თუ რატომ კეთდება ეს შეცვლები და როგორ აღიქვამს ამას მოთამაშე. დიახ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ლუჩანო სპალეტიმ ოთხ ტურში სამჯერ შეცვალა კვარაცხელია და „ლეჩესთან“ მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშა, მაგრამ მწვრთნელმა მაშინ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ქართველი სამკაული ყოველთვის კარგ ფორმაში ჰყოლოდა. ბოლო ცვლილებები კი, „ლაციოსთან“ და განსაკუთრებით „ჯენოასთან“ რთულად გასაგებია.
რთულად გასაგები არა იმდენად საზოგადოებისთვის, არამედ თვითონ უშუალო მონაწილეებისთვისაც. კვარა თავაზიანი, პატივმოყვარე ბიჭია, საქციელებით თითქმის ჯარისკაცივით დამჯერი. სწორედ ამიტომ, შაბათ საღამოს მისი ჟესტი შეცვლის შემდეგ კიდევ უფრო სენსაციური იყო. სკამზე დაბრუნებისას გარსიას მიესალმა, ასე რომ, არავითარ აჯანყებაზე საუბარი არ არის, მაგრამ არის რაღაც, რაც ქართველ ჩემპიონს აწუხებს. ძნელი გასაგებია, რატომ შეცვალეს ის „ლაციოსთან“, როცა გუნდს თამაში ჰქონდა გადასარჩენი. „ჯენოასთანაც“ სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და გუნდს მე-3 გოლი ჰქონდა გასატანი. ქართველის ალესიო ძერბინით ჩანაცვლება კიდევ უფრო გაუგებარი არჩევანია გარსიას მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ სკამზე დარჩა ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, დანიელი იესპერ ლინდსტრომი. კვარამ ბოლო გოლი 19 მარტს გაიტანა და ეს ართულებს გასული სეზონის მთავარი აღმოჩენის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
თითქოს, ბიჭი დაშორდა ყველა იმ მეტსახელის ბოლო ნაწილს, რაც აქვს, „დონადან“ „ვაჯომდე“. ზაფხულში საუბარი იყო 100 მილიონ ევროდ მის შეფასებაზეც. შესაძლოა, ერთი გოლი ან ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაში საკმარისი იყოს ცუდი აზრების გასადევნად, მაგრამ შეიძლება კონტრაქტის განახლების საკითხიც მასზე გავლენას ახდენდეს. თავად ფეხბურთელი გასული, საოცარი სეზონის შემდეგ „ოქროს ბურთის“ 30 ნომიმანტში მოხვდა, ჩემპიონი კლუბის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.