რაგბი

15:11 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ჩემპიონატი სიურპრიზების თანხლებით დაიწყო

მიმდინარე პირველობაზე პირველი ლიგის ფორმატი კვლავაც დიდი 10-ის მსგავსი იქნება. 10 გუნდი რეგულარულ სეზონში 2 წრედ იასპარეზებს, რის შემდგომ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას მოწინავე ექვსეული ე.წ. „ავსტრალიური პლეი ოფის“ პრინციპით განაგრძობს. ლიგის გამარჯვებული დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი ელიტაში ასვლას „პლეი აუტით“, უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანთან 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.

„ავჭალა არენამ“, თეთრიწყაროს ‘იუნკერებისა’ და ‘არმიას’ პირველობის სადებიუტო შეხვედრას უმასპინძლა. ‘არმიას’ ახალი დამრიგებელი წარუძღვა. „არმიელთა“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა ლევან ცაბაძემ (“ლეონსიო“) ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ექს-ჩემპიონმა აღნიშნულ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 10 მორაგბე მოისაკლისა. „არმიელებს“, ჯარის გუნდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 8 მოთამაშე აკლდაბათ, 2-მა კი ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

შედეგიანი მხოლოდ შეხვედრის პირველი ტაიმი გამოდგა, სადაც „არმიელთა“ მარბიელ გიორგი ნოდიას შესრულებულ „დუბლს“, მატჩის ნომინალურმა მასპინძელმა 4 ლელო დაუპირისპირა (კვაჭი ნიკა შალიკაშვილი, მხტომელი გიორგი კირაკოზაშვილი, ფრთები: გიორგი ვასაძე და ლევან თომაძე). ‘იუნკერები’ ფეხით რაციონალურად მოქმედებდა, სტატიკურ ფაზებს კარგად აწყობდა, რასაც მეორე ტაიმში გარისელთა დაცვის საიმედო თამაშიც დაერთო. მეტოქეთა დიდი მცდელობის მიუხედავად, შუქფარს პირველი ტაიმის ანგარიში შერჩა-27:17 ‘იუნკერთა’ სასარგებლოდ.

„აია არენაზე“, პირველობის დებიუტანტი წყალტუბოს ‘დინოზავრი’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ დაუხვდა. იმერლებმა თავდადებული თამაშის ხარჯზე შესვენების წინ 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ‘დინოზავრმა’ მეტოქე ფულბეკ ნიკა შონიას გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი მგეზავ დავით გობეჯიშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას, შუამარბ დავით კვირიკაშვილის დადებული ლელოც დაურთო. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდების პივოტებმა ჯარიმები გაცვალეს, რასაც ‘ლოკომოტივის’ ბურჯ ზაურ აფციაურის დადებული ლელო მოჰყვა. დარჩენილ 10 წუთში „რკინიგზელთა“ გააფთრებული იერიშების მიუხედავად, ‘დინოზავრმა’ თავი კარგად დაიცვა და პირველობის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი სენსაციაც გამოაცხო – 14:13 წყალტუბოელთა სასარგებლოდ.

„აია არენამ“ ტურის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. ადგილობრივი ‘ბაგრატი’ მარნეულის ‘არმაზსთან’ დაპირისპირებაში საჯარიმო ლელოსა და მგეზავ ზვიად ოდიშარიას გატანილ 5 ჯარიმას დაჯერდა. ქვემო ქართლელებმა კი რიონისპირელებს ტაიმებში 2-2 ლელო დაუდეს. პირველ ნახევარში სტუმართა მარბიელი ანზორ გორდაშვილი და შუამარბი დავით არავიაშვილი გამოირჩნენ, რასაც მეორე ტაიმში მარბიელ ერეკლე ხუროშვილის ლელოს წაემატა. მატჩის ბოლო წუთებზე ‘არმაზის’ კაპიტნისა და შუამარბ ლევან ბრაგვაძის დადებული ლელო კი ქვემო ქართლელთათვის პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ‘არმაზის’ რაგბის სკოლის აღზრდილ ვილი კაიფაჯიანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა სტუმრებმა 34:22 მოიგეს.

ჭიათურაში, ‘მათემ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და ზემო იმერლები მატჩის დებიუტშივე ფიჯელი მარბიელის ვუნაკი ვაქანიბალის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. ჩვეული სპორტული ფორმის მიღმა ყოფნის მიუხედავად, მესხებს თამაშის შემოტრიალება არ გაჭირვებიათ. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდები მასპინძლებს სტატიკაში ჯაბნიდნენ და სტუმრებმა მოლით 2 ლელოს დადება შეძლეს. პირველ ტაიმში ლელო ‘ტაოს’ ფიჯელმა მარბიელმა ნასოკიტაბუამ და ბურჯმა ლუკა ახვლედიანმა მიითვალეს. მეორე ნახევარში კი მესხების უპირატესობა მარქაფადან ჩართული მხტომელის საბა ბუხრიკიძის დადებულმა ლელომ გაამყარა – 19:5.

პირველი ტური გორში, ჭალის დასახლებაში ‘გორისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ დრამატული შეხვედრით დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს.

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ‘გორი’ 7-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა გარე კახელებმა ფრთის მოთამაშე ტატო ბურთიკაშვილის გარდასახული ლელოთი ჯერ ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს, მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კი მარქაფადან ჩართული ჰავბეკის გიორგი ჯღამაიას ძელის დახმარებით გატანილი არეკნით 3 ქულით დაწინაურდნენ. შიდა ქართლელები არ შედრკნენ და პრაქტიკულად ბოლო შეტევაში კარგად და სწრაფად გათამაშებული ოვალი კიდესთან ლელოდ მასპინძელთა მღლეტელმა მიშო ჩაჩავამ აქცია. ‘გორმა’ 28:26 მოიგო და პატარძეული ნუგეშ-ქულას დააჯერა. მიხეილ ორაგველიძისა და გიორგი ჭინჭარაულის მწვრთნელთა დუეტის თავკაცობით გორელებმა სეზონის წინა მოსამზადებელი პერიოდი ერთობ ნაყოფიერად გამოიყენეს და მიმდინარე პირველობაზე დიდი მიზნებიც ამოძრავებთ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106851