„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა „თელავთან“ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: „ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტრავმის სიმძიმის შესახებ დამატებითი დეტალები კომპიუტერულ - ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“, - წერს ბათუმელთა ვებგვერდი.
ფეხბურთელმაც გულშემატკივრებს მიმართა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს.
ჯოვინოს მატჩის მიწურულს „თელავის“ მეკარე დავიდ იურჩენკო ძალიან მძიმედ დაეჯახა და ბრაზილიელმა გონებაც დაკარგა. მატჩი „თელავმა“ 2:1 მოიგო.