საუდი პრო ლიგაში „ალ-ნასრმა“ სტარტზე მიჯრით ორი მარცხის მერე ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა და სიტუაციას ნელ-ნელა ასწორებს.
კრიშტიანუ რონალდუს გუნდმა ამჯერად სტუმრად „ალ-რაედი“ 3:1 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს სადიო მანემ გახსნა, მეორე ტაიმში კი, ანდერსონ ტალისკამ სხვაობა ორამდე გაზარდა. თავისი გოლი რონალდუმაც გაიტანა, რომელმაც თავი 78-ე წუთზე ტალისკას პასით გამოიჩინა.
„ალ-ნასრი“ 12 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ამ ტურში მოიგო კიდევ ერთმა ფავორიტმა „ალ-აჰლიმ“, რომელმაც „ალ-ტაევონი“ 3:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 67-ე წუთზე ალან სენ-მაქსიმენმა გაიტანა. „ალ-აჰლი“ 15 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „ალ-იტიჰადთან“ ერთად იყოფს.